მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას პრეზიდენტის თანამდებობაზე, მხარი არ დაუჭირა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ, რომელმაც თქვა, რომ ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს.
"ბევრად უკეთესი კანდიდატურა უნდა შეერჩია "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო. კანდიდატით, რომელიც შესთავაზეს ქვეყანას, ზიანი მიაყენეს საქართველოს, ზიანი მიაყენეს თავიანთ თავს, როგორც პოლიტიკურ ძალას. მე შემოუხაზავი, როგორც მომცეს ბიულეტენი, ისეთივე სახით ჩავაბარე. შეიძლება კარგი ადამიანია, უბრალოდ საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის," - აღნიშნა ადა მარშანიამ.
ამასთან, მან მეხუთე პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზეც ისაუბრა.
"ქალბატონი სალომე ბუნებით ძალიან რთული ქალბატონია და ეს მის პრეზიდენტობაშიც გამოიხატა, ასე ვიტყოდი. მე ვერ გეტყვით, რომ ხელს უწყობს მშვიდობას საქართველოში. ვერ გეტყვით, რომ ხელს უწყობს იმას, რომ ამ კრიზისს ჩვენ რამენაირად მშვიდობიანად მოვუაროთ," - განაცხადა მარშანიამ.
300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. პარლამენტში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯარო სხდომაზე ხმები ცოტა ხნის წინ შეაჯამა, რის შემდეგაც პლენარული სხდომის დარბაზში შეკრებილ საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების შედეგები გააცნო. დარბაზში იმყოფება კოლეგიის მიერ პრეზიდენტად ახლახან არჩეული მიხეილ ყაველაშვილი. ყაველაშვილის სასარგებლოდ, ხმა 224-მა წევრმა მისცა.