27 აგვისტო 2026,   02:48
ვრცლად
"მსხვერპლი და სამოქალაქო ომი" - სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი საკუთარ ვარაუდებს აჟღერებს, რომელიც სახელისუფლებო გუნდში არ გაჰკვირვებიათ

”სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელი, საკუთარ ვარაუდზე დაყრდნობით უშვებს ალბათობას, რომ შესაძლოა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მსხვერპლი მოჰყვეს. ნოდარ ხარშილაძემ ამის შესახებ, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა. ის უფრო ხისტ პროგნოზსაც არ მორიდებია და ინტერვიუს მიმდინარეობისას სამოქალაქო დაპირისპირების გარდა, სამოქალაქო ომზეც მიანიშნა და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

ხარშილაძის განცხადება სახელისუფლებო გუნდში არ გაჰკვირვებიათ. ”ქართული ოცნების” გენერალური მდივანი მსგავსი შინაარსის საუბრების სხვა შემთხვევასაც იხსენებს. კახა კალაძის თქმით, პროცესების რადიკალიზება და მსხვერპლზე აქცენტი მათი ოპონენტების ხელწერაა.

”სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებლის მოსაზრებას ოპოზიცია ემიჯნება. ”ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ სამოქალაქო დაპირისპირების ან მითუმეტეს სამოქალაქო ომის შესაძლებლობა გამორიცხულია. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში მიაჩნიათ, პროცესები ამგვარად ვერ განვითარდება, რადგან თავად საზოგადოებაა მთავარ საკითხებში ერთსულოვანი.

მსხვერპლის ალბათობაზე საუბარი ”ქართული ოცნების” ლიდერების შეფასებით, ოპოზიციისთვის შეიძლება ერთადერთი ბერკეტიც კი იყოს საპროტესტო მუხტის გასაძლიერებლად. მმართველ პარტიაში ოპონენტებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ ნებისმიერ გადაცდომაზე შესაბამის სამსახურებს სწრაფი და შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

მოსალოდნელ საფრთხეებზე პრევენციული განცხადება, გასულ კვირას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელდა. სუს-ის ინფორმაციით, დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები ცდილობენ ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტის არჩევას ხელი შეუშალონ და ხელოვნური კრიზისი გამოიწვიონ. განცხადებაში წერია, რომ დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც სუს-ის ინფორმაციითვე საპროტესტო მუხტის გაზრდის მიზნით 2-3 ადამიანის მსხვერპლი უნდა მოჰყვეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე, არ გახდნენ დანაშაულებრივი გეგმის მონაწილე ან მსხვერპლი.

დღის ამბები