მე-10 მოწვევის პარლამენტში "ოცნებიდან" გავიდნენ, მაგრამ უმრავლესობაში დარჩნენ, მე-11 მოწვევის დროს კი ოპოზიციაში ყოფნა გადაწყვიტეს. "ხალხის ძალა", რომლის წევრს ხვალ საქართველოს პარლამენტი საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად აირჩევს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ახლა 8 წევრითაა წარმოდგენილი.
"ოცნების" სიით გასულები ამბობენ, რომ "ოცნებას" ოპოზიციაში იმიტომ ჩაუდგნენ, რომ პოლიტიკურ სპექტრში იყოს პოლიტიკური აქტორი. რომელიც მმართველ ძალას ჯანსაღ ოპონირებას გაუწევს. "ხალხის ძალის" ოპოზიციაში გადასვლას, თუმცა პარლამენტში დარჩენის გადაწყვეტილებას "ქართული ოცნება" პატივს სცემს და ელოდება როგორ ოპონირებას გაუწევენ ყოფილი თანაგუნდელები მათ. ბარიერგადალახულ ოპოზიციას კი "ხალხის ძალის" ოპოზიციონერობის არ სჯერა.
საპარლამენტო უმრავლესობიდან ოპოზიციაში გადასვლის გადაწყვეტილება, გურამ მაჭარაშვილმა პოლიტიკურ ველზე ჯანსაღი ოპოზიციის არარსებობით ახსნა. პარტია "ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, საქართველოს უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ოპოზიცია ჰყავს და "ხალხის ძალა" შექმნის ისეთ პლატფორმას, რომელიც ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში იქნება.
ოპოზიციის ნაწილმა "ხალხის ძალის" გადაწყვეტილების შეფასებისგან თავი შეიკავა. ნაწილი კი მაჭარაშვილის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს.
ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას პატივს სცემენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, მისასალმებელია თუ "ხალხის ძალა" ხალხს რეალური ოპონირების მნიშვნელობას დაანახებს.
პარლამენტში 9 კაციანი პოლიტიკური ჯგუფიდან 8 ოპოზიციაში გადადის, ერთს კი ხვალ საქართველოს პრეზიდენტად აირჩევენ.
ავტორი: ნანა გოგატაძე.