"რესპუბლიკელი" კონგრესმენი ფლორიდიდან - მალე უკვე წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდება. ბრაიან მასტი მაიკლ მაკკოლის შეცვლის, რომელმაც მას პოსტის მიღება უკვე მიულოცა. მედია წერს, რომ მასტის იდეები უკრაინის დახმარების საკითხში ტრამპის პოზიციებს ემთხვევა. ის ხშირად აკრიტიკებს მოქმედ ადმინისტრაციას, მათ შორის ბიუჯეტიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. მხარს უჭერს სახელმწიფო დეპარტამენტის ისეთი პროგრამების გაუქმებას, რომელიც ხელს უწყობს ""ელ ჯი ბი თი"" ადამიანთა ხილვადობას.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მორიგი საკადრო გადაწყვეტილება, შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივას ზრდის. "ქართული ოცნება" ტრამპის გუნდთან ღირებულებით თანხვედრაზე საუბრობს. იმედოვნებენ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში გამჭვირვალობისა და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონებთან დაკავშირებით წნეხი მოიხსნება.
ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე მკაფიო პოზიცია ბრაიან მასტის საჯაროდ, არაერთხელ გამოუხატავს. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მან კონგრესში მკაცრად გააკრიტიკა სახელმწიფო მდივანი. კონგრესმენმა ენტონი ბლინკენი დაადანაშაულა იმის არ ცოდნაში, თუ რაში იხარჯება ამერიკული ფული, რომელიც მთელს მსოფლიოში სხვადასხვა სააგენტოსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება.
ამერიკული გამოცემების ცნობით, ბრაიან მასტის გარდა, თანამდებობაზე არაერთი კანდიდატი განიხილებოდა. მათ შორის, ჯო უილსონიც - ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რომელიც "ქართული ოცნების" აქტიური კრიტიკოსი და სანქციების მომხრე იყო. ხელისუფლების ოპონენტები, აქამდე ამტკიცებდნენ, რომ საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის შეცვლა მმართველ პარტიასთან ურთიერთობაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა. თუმცა დღეს ამბობენ, რომ შტატების საგარეო პოლიტიკას, კონკრეტული მაღალჩინოსნის ხედვები ვერ განსაზღვრავს.
მოვლენების განვითარებას ოპტიმიზმით ელოდებიან საპარლამენტო უმრავლესობაშიც. მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებასთან კონკრეტულ საკითხებზე მიდგომები ადმინისტრაციის ცვლილებასთან ერთად შეიცვლება.
ამერიკელები იმსახურებენ გამჭვირვალობას, გაუმჭვირვალე საგარეო დახმარებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით - ბრაიან მასტის გარდა ამ პოზიციაზე არიან ტრამპის ახალი ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებიც. სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის მომავალმა ხელმძღვანელებმა, ვივეკ რამასვამიმ და ილონ მასკმა, ჯერ კიდევ გასულ კვირას განაცხადეს, რომ ამერიკის ბიუჯეტიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება სხვა ქვეყნებში დეტალურად უნდა შემოწმდეს, მათ შორის საქართველოშიც.