27 აგვისტო 2026,   01:58
ვრცლად
"აქციები ყველა ლოგიკით და გარემოებების გათვალისწინებით წავა დასასრულისკენ, რადგან ამ პროტესტს შინაარსი არ გააჩნია" - გიორგი გაბუნია

უმრავლესობის წევრის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, აქციები ყველა ლოგიკით და გარემოებების გათვალისწინებით წავა დასასრულისკენ, რადგან ამ პროტესტს შინაარსი არ გააჩნია.

მისი განმარტებით, არაერთი პრევენციული ღონისძიება გატარდა, რათა ძალადობრივი ჯგუფებისთვის ქმედებები აღკვეთილიყო.

"აქციები ყველა ლოგიკით და გარემოებების გათვალისწინებით წავა დასასრულისკენ, რადგან ამ პროტესტს შინაარსი არ გააჩნია. სახელმწიფომ იმუშავა ეფექტურად და ამ აქციებს გამოაცალა ძალადობრივი ხასიათი. ჩატარდა მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები და აღკვეთილ იქნა იმ ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ დაეძაბათ ამ აქციების პროცესი და სიტუაცია დაეძაბათ და სიტუაცია გადაზრდილიყო უმართავ პროცესებში.

ჩვენს ქვეყანაში გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვესაუბროთ საზოგადოებას. ეს იქნება გუნდის ლიდერები, დეპუტატები თუ სხვა თანამდებობის პირები. მაქსიმალურად უნდა ვესაუბროთ ჩვენს საზოგადოებას და ავუხსნათ იმ გადაწყვეტილების შინაარსი, მოტივაცია და მიზეზები, რაც გამოცხადდა რამდენიმე დღის წინ. საქართველო აგრძელებს საკუთარი რესურსით ევროინტეგრაციის გზას. აქ არ არის საუბარი რაიმე პროცესის შეწყვეტაზე ან შეჩერებაზე. საქართველო ერთგული რჩება ასოცირების და ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმართ. 2028 წლამდე საქართველო ვალდებულებების 90%-ზე მეტს შეასრულებს, ხოლო 2030 წელს საქართველო იქნება ყველაზე უფრო მზად სხვა კანდიდატ ქვეყნებს შორის, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გაბუნიამ სანქციების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანქციებზე საუბარი სერიოზული არ არის და ეს პროდუქტიული ვერ იქნება.

"თავად ევროკავშირი არ არის მზად გაფართოებისთვის და ჩვენი საკითხი ჩავხსენით მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეწყდეს შანტაჟი, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ჩვენი საზოგადოების. რაც შეეხება სანქციებს, ამ შემთხვევაში, სანქციებზე საუბარი არ არის სერიოზული და ეს პროდუქტიული ვერ იქნება", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

დღის ამბები