აქცია რუსთაველის გამზირზე - მე-12 საპროტესტო დღე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ძირითადად პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები. ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე არც მომიტინგეები და არც საპოლიციო ძალები არ იმყოფებიან.
საპროტესტო აქციაზე პერიოდულად ისმის პიროტექნიკის გამოყენების ხმა, თუმცა ეს არ ხდება საკანონმდებლო ორგანოს მისამართით. ასევე, აქციაზე უკვე ისმის ბრახუნის ხმაც, სავარაუდოდ, დემონსტრანტების ნაწილმა გადაინაცვლა რკინის ბარიკადებთან - იქ, სადაც ხშირად იკრიბებიან და ხმაურის ფონზე გამოხატავენ პროტესტს.
საპროტესტო ტალღა დაიწყო 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი დღის წესრიგში 2028 წლის ბოლომდე არ დადგებოდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ე.წ. უწყვეტი პროტესტი.
აქციის მონაწილეების შეკრების მთავარი ლოკაცია ყოველთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.
ავტორი: ნანა გოგატაძე