საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, კრისტოფ კამპს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი ჩართულობა იყო.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობაზე საკანონმდებლო პროცესებში, ასევე მათი უფლებების დაცვისა და რეალიზების მექანიზმების გაძლიერებაზე. მხარეებმა იმსჯელეს ეთნიკური უმცირესობებისთვის არსებულ საგანმანათლებლო და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე და მათი გაუმჯობესების გზებზე.
ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი საფუძველია და შესაბამისად, ხელისუფლების მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ეუთო-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე ისაუბრეს.