თურქეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შედგა. მუსტაფა ჩიფთჩი, დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგას შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა. გაიმართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრები. ორი ქვეყნის ძალოვანი უწყებების თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც მხარეებმა ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ქართველი და თურქი სამართალდამცველების მიერ ერთობლივად ჩატარებულ ღონისძიებებზე.
დღესვე, მემორანდუმიც გაფორმდა. ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის და თურქეთის პოლიციის ეროვნული აკადემიის თანამშრომლობას გააძლიერებს. სასწავლებლები ერთმანეთს საპოლიციო განათლების სფეროში გამოცდილებას გაუზიარებენ.
დღის ბოლოს, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ოფიციალური ვიზიტი შეაჯამეს. მუსტაფა ჩიფთჩიმ სულხან თამაზაშვილს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას, თურქმა მინისტრმა არალეგალური მიგრაციის, ტრანსნაციონალური დანაშაულის, კონტრაბანდის და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ ქართველი სამართალდამცველების ეფექტურ მუშაობაზეც ისაუბრა.
ორმხრივი თანამშრომლობა დანაშაულის კონტროლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. სულხან თამაზაშვილის თქმით, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტმა დაადასტურა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობა შედეგზე ორიენტირებულია.
ორი ქვეყნის სამართალდამცველების მჭიდრო თანამშრომლობას, ბოლო პერიოდში ჩატარებული არაერთი მასშტაბური სპეცოპერაცია ადასტურებს. რამდენიმე დღის წინ ქართველმა და თურქმა სამართალდამცველებმა, ერთობლივი მუშაობით, ეროვნულ დონეზე ძებნილი თურქეთის მოქალაქეები გამოავლინეს და დააკავეს. ეს ის პირები არიან, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ჩადიოდნენ.