ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, დაუბრუნდეს შეერთებულ შტატებთან ივნისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუ ვაშინგტონიც იმავეს გააკეთებს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, შერიგებისკენ მიმართული ტონის შემცველი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ორ ქვეყანას შორის, ერთი თვის განმავლობაში, პირველად მოხდა ცეცხლის გაცვლა.
„თუ შეერთებული შტატები დაუბრუნდება ურთიერთგაგების მემორანდუმში ასახული ვალდებულებების შესრულებას, ირანის ისლამური რესპუბლიკა დაუყოვნებლივ იმავეს გააკეთებს“, - განაცხადა პეზეშკიანმა.
ცნობისთვის, ივნისში მიღწეული ჩარჩო შეთანხმება ითვალისწინებდა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და 60-დღიანი მოლაპარაკებების დაწყებას, რომლის მიზანიც უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა იყო.
თეირანი დათანხმდა ამ პერიოდში ჰორმუზის სრუტის განაღმვას და გემების გავლის დაშვებას, ხოლო ვაშინგტონი, სხვა საკითხებთან ერთად, დათანხმდა საზღვაო ბლოკადის დასრულებას, სანქციების მოხსნას, ირანული ნავთობის ექსპორტზე შეღავათების დაწესებას და ირანის აღდგენისთვის ზომების პაკეტზე მუშაობის დაწყებას.
თუმცა, შეთანხმება მალევე ჩაიშალა და მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებები ჩაწყნარდა, მხარეებმა შაბათ-კვირას ცეცხლი მაინც გაცვალეს.