02 სექტემბერი 2026,   08:22
ვრცლად
მიგრაციული კრიზისი და მზარდი უკმაყოფილება ევროკავშირში - ბრიუსელს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მწვავედ აკრიტიკებს

მიგრაციული კრიზისი და მზარდი უკმაყოფილება ევროკავშირში - ბრიუსელს მწვავედ ამჯერად უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აკრიტიკებს. პიტერ მადიარმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას თქვა, რომ ევროკავშირი მმართველობითი კრიზისის წინაშეა და მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. მადიარი თვლის რომ ბრიუსელის მხრიდან უნგრეთისთვის დაკისრებული ყოველდღიური ფინანსური სანქციები უსამართლოა.

ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკას სხვა წევრი ქვეყნებიც აკრიტიკებენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აგვისტოში ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტები მასობრივად შევიდნენ. ამ ფაქტმა ახალი კითხვები გააჩინა ევროკავშირში მიგრაციის მართვის ეფექტიანობასა და ბრიუსელის გადაწყვეტილებებზე. ევროკავშირთან შეკითხვები დიდი ხანია აქვს ოფიციალურ თბილისსაც. მმართველი გუნდის შეფასებით, ევრობიუროკრატების უსამართლო გადაწყვეტილებები ახლა უკვე უნგრეთის ახალ ხელისუფლებასაც შეეხო.

ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკის ეფექტიანობაზე კითხვის ნიშნები აქვს ოპოზიციის ერთ ნაწილს, მეორე ნაწილი კი შეფასებისგან თავს იმ არგუმენტით იკავებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის.

პეტერ მადიარის მწვავე კრიტიკა მმართველი გუნდისთვის დადასტურებაა, რომ მისი წინამორბედი უარგუმენტოდ არ წუხდა ევრობიუროკრატიის იმ ნაბიჯებზე, რომელიც მიგრაციის მიმართულებით იყო გადადგმული. სახელისუფლებო პარტიის შეფასებით, ბრიუსელის პოლიტიკამ ევროპულ ქვეყნებში დემოგრაფიული სიტუაცია კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა.

2024 წელს, ბრიუსელმა, უნგრეთს 200 მილიონიანი ჯარიმა და ყოველდღიური ფინანსური სანქცია დააკისრა მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანის მთავრობამ უარი თქვა მიგრაციასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილების აღსრულებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბუდაპეშტმა ევროკავშირის კანონმდებლობა დაარღვია, როდესაც თავშესაფრის მაძიებელთა უფლებები არ დაიცვა. ბრიუსელის ეს გადაწყვეტილება უსამართლოდ შეფასდა უნგრეთის ახალი ხელისუფლებისგანაც.

დღის ამბები