23 ივნისი 2026,   00:12
ვრცლად
3 მთავარი დაპირება, რომლის შესრულებასაც დონალდ ტრამპი საშინაო და საგარეო ასპარეზზე შეძლებს - შტატების არჩეული პრეზიდენტის გეგმები

დონალდ ტრამპი ამერიკაში მოქალაქეობის დაბადებით მიღების უფლების აკრძალვას აპირებს. საკითხზე არჩეულმა პრეზიდენტმა NBC-თან ინტერვიუში ისაუბრა. რესპუბლიკელი ტრამპის თქმით, ამ საკითხზე ზომებს თანამდებობის დაკავების პირველივე დღიდან მიიღებს, რისთვისაც შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებებიც დასჭირდეს. ტრამპს ამ გადაწყვეტილების აღსრულებაში მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს.

თეთრ სახლში 78 წლის დონალდ ტრამპის დაბრუნებას ბევრი სხვა ცვლილებები მოჰყვება. ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება, რის შემდეგაც ტრამპი საარჩევნო დანაპირების სისრულეში მოყვანას გეგმავს. პრეზიდენტობის პირველ დღეს ის კაპიტოლიუმზე 2021 წლის 6 იანვარს თავდასხმაში მონაწილე პირებს შეიწყალებს.

NBC News-ის ინფორმაციით, თავდასხმაში ბრალდებულია, სულ მცირე, 1 572 პირი. მათგან 645-ს სასამართლომ სხვადასხვა ვადით პატიმრობა უკვე მიუსაჯა.

ინტერვიუდან ვიგებთ, რომ ცვლილებები იქნება საგარეო პოლიტიკაშიც. თანამდებობის დაკავების შემდეგ, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, უკრაინის დახმარება შეამციროს. 

დონალდ ტრამპმა ასევე არ გასცა ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია რუსეთის პრეზიდენტთან და აღნიშნა, რომ არ სურს რაიმე ისეთის თქმა, რამაც სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეიძლება ხელი შეუშალოს.

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის ქმედებებს აკრიტიკებს ტრამპის მხარდამჭერი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი. ბუდაპეშტში საზოგადოებრივი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში, ორბანი ამერიკის მხრიდან კიევის მიმართ წაყენებულ მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც წვევამდელების ასაკის დაწევის მოთხოვნას ეხება.

ცნობილია, რომ ტრამპსა და ორბანს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 5 ნოემბერს შედგა და ორბანმა შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ საკუთარი პოზიცია გააცნო.

დღის ამბები