23 ივნისი 2026,   05:55
ვრცლად
კირ სტარმერის პოლიტიკური დასასრული - დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტია ახალი ლიდერის შესარჩევად ემზადება

ერთადერთი, ვისაც თანამდებობის დატოვება არ მოუწევს და არც დაუნინგ-სტრიტის 10 ნომრიდან მიდის, გაერთიანებული სამეფოს "მთავარი თაგვთმჭერის" ტიტულის მქონე კატაა. უკვე მე-15 წელია, ლარი დევიდ კამერონის, ტერეზა მეის, ბორის ჯონსონის, ლიზ ტრასის, რიში სუნაკის და ახლა უკვე კირ სტარმერის გადადგომას ადევნებს თვალს.

პროტოკოლი არც ამჯერად დარღვეულა - რეზიდენციის წინ ჯერ ტრიბუნა დაამონტაჟეს, შემდეგ კი მედიასთან მინისტრთა კაბინეტის და მმართველი პარტიის წევრები გამოვიდნენ. შეკრებილებს პრემიერმა მიმართა. კირ სტარმერმა "ლეიბორისტების" ლიდერისა და მთავრობის მეთაურის პოსტებიდან გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

სტარმერის გადადგომის მიზეზები ბრიტანულმა მედიამ უკვე დაასახელა - პრემიერ-მინისტრისთვის მთავარი დარტყმა მაისში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნები აღმოჩნდა. "ლეიბორისტების" მარცხმა და ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის ნაიჯელ ფარაჯის პარტიის, "Reform UK"-ის, მხარეს გადასვლამ მთავრობის მეთაურის რეიტინგის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

პოლიტიკურმა კრიზისმა მინისტრთა კაბინეტშიც შეაღწია - მთავრობის წევრების ნაწილი პრემიერს ღიად მოუწოდებდა გადადგომისკენ, პროტესტის ფონზე მინისტრები კი თანამდებობას ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მთავარ პრეტენდენტად მანჩესტერის მერი, ენდი ბერნემი, განიხილება. მან გასულ კვირას გამართულ საპარლამენტო შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა და თემთა პალატაში "ლეიბორისტული" პარტიის სახელით დეპუტატის მანდატიც მოიპოვა.

ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის ახალი ლიდერის პოსტზე კანდიდატების წარდგენის პროცესი 9 ივლისს დაიწყება. ახალი პრემიერის არჩევამდე კირ სტარმერი პოსტზე დარჩება და მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს. გამოცემა "გარდიანის" ინფორმაციით, ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს შუა რიცხვებში ეყოლება.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები