ძალადობრივ აქციებზე ჩადენილი დანაშაულის გამო დაკავებული რეზო კიკნაძის განცხადებას, სადაც პატიმარი ხვიჩა კვარაცხელიას ღია წერილით მიმართავს და ეუბნება, რომ მხოლოდ გატანილი გოლით კარგ ადამიანად ვერ იქცევა, სოციალურ ქსელში საკმაოდ ბევრი კრიტიკული შეფასება მოჰყვა. პოსტის ქვეშ გაჩნდა ისეთი კომენტარიც, რომელიც მოქალაქის უფლებებს ლახავს და სიძულვილის ენას ახალისებს. კერძოდ, შეიცავს უხამს სიტყვებსა და გინების ელემენტებს. ერთ-ერთი ასეთი კომენტარის ავტორი, ვახტანგ დიასამიძე, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მოთხოვნით, დღეს სასამართლო დარბაზში აღმოჩნდა. მოსამართლემ დიასამიძე 2 000 ლარით დააჯარიმა.
დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთ საქმეზე იმსჯელა. საუბარია მამუკა მდინარაძის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე. მოქალაქე ივანე კოდელაშვილმა ღირსების შემლახველი კომენტარი იმ პოსტის ქვეშ დაწერა, სადაც ე.წ. ქარდის სახით ვიცე-პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ციტატა იყო განთავსებული. აქ მამუკა მდინარაძე ქვეყნის ენერგეტიკის გაძლიერებასა და კრიპტომაინინგის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობდა. მოსამართლემ კოდელაშვილი გაამტყუნა და 4 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი უკვე 22 დღეა მუშაობს. სტრუქტურა საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორების იდენტიფიცირებას ისე ახდენს, რომ დაზარალებულის მიმართვა საჭირო არ არის, რის შემდეგაც უწყება საქმეს სასამართლოს გადასცემს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი პოლიტიკოს ნინო წილოსანს უკავშირდება. დეპუტატის მისამართით დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარის ავტორი სასამართლომ 15 ივნისს 4 000 ლარით დააჯარიმა.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მუშაობა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც შეაფასა. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოში აზრის გამოთქმა დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით, ხოლო დეპარტამენტის მხრიდან რეაგირება მხოლოდ ისეთ განცხადებებზე ხდება, რომლებიც უხამსობასა და ლანძღვა-გინებას შეიცავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი მუშაობას აქტიურად განაგრძობს. უწყება იკვლევს და რეაგირებას ახდენს იმ განცხადებებზე, რომლებიც ადამიანის უფლებებს ლახავს, შეურაცხმყოფელია და სიძულვილის ენით გამოირჩევა.