ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახალი რჩეული, ნანუკა ჟორჟოლიანი, "ნაციონალურ მოძრაობას" უერთდება და თან "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ მენეჯმენტს, მათ შორის მიმავალ თინა ბოკუჩავას, პარტიის პარალიზებაში, ფასადური დემოკრატიის შექმნასა და პოლიტიკური ველიდან ახალგაზრდების გაქრობაში ადანაშაულებს. სამაგიეროდ, თავად გეგმავს ვეტერანი "მიშისტების" ჩრდილში გადაყვანას და სწორედ ვეტერანთა ჯგუფს აკისრებს პასუხისმგებლობას სიყალბის ხელშეწყობასა და უთავმოყვარეო გადაწყვეტილებების მიღებაში.
ვეტერანი "ნაციონალებისთვის" არაკორექტულია ნანუკა ჟორჟოლიანის პირველივე განცხადებები და თავდასხმები პარტიის მოქმედ მენეჯმენტზე, მათ შორის თამამი განცხადებები ახალგაზრდების წინა ხაზზე გამოყვანასთან დაკავშირებით. სააკაშვილის გუნდის მოქმედი წევრები ამბობენ, რომ მხოლოდ ჟორჟოლიანის სურვილი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ძველმა შემადგენლობამ მისი დაკომპლექტებული გუნდი უაპელაციოდ მიიღოს.
ჟორჟოლიანის ნეგატიური აღქმები რომ უსაზღვროა, "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებიც უკვე კარგად ხვდებიან. ამბობენ, რომ სააკაშვილის მანდატის მიუხედავად, გადამწყვეტი სიტყვა მასზე ვერ იქნება - ვერც თავმჯდომარეობისა და ვერც ყოფილ "ნაციონალებთან" გაყრა-გაერთიანების საკითხებში.
ადგილმონაცვლის, როგორც გარე აუდიტორის, შენიშვნები კატეგორიულად მიუღებელია პოსტიდან ვადაზე ადრე წასული ბოკუჩავასთვის. უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი კვირით ადრე პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირწმუნება, რომ გადაწყვეტილებები სააკაშვილის გვერდის ავლით არასდროს მიუღია - არც ალიანსში შესვლის და არც დემონსტრაციულად გამოსვლის შესახებ.
შიდაპარტიული კრიზისის მთავარი მიზეზი თავად "ნაციონალური მოძრაობაა" ფედერალისტების ლიდერისთვის. თამარ ჩერგოლეიშვილი არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელიც სააკაშვილის პარტიას, ნანუკა ჟორჟოლიანის პირობებში, პოლიტიკურ დასასრულს უწინასწარმეტყველებს.
არც მსჯავრდადებული სააკაშვილისთვის აქვს მნიშვნელობა, რას იზამს დანარჩენი ოპოზიცია. მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, კრიტიკის ტაქტიკით თავად დარჩეს ყურადღების ეპიცენტრში. სწორედ ამიტომ დანარჩენ პარტიებს სასამართლო სხდომათა დარბაზიდან უთხრა, რომ გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობენ. იმავე განცხადებაში უფრო შორსაც წავიდა და თქვა, რომ "ლელო", რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრებას სააკაშვილის დაკნინებით ცდილობს, მხოლოდ ხაზარაძე-ჯაფარიძის ბიზნესპროექტია.
"ლელოს" აზრით, აღარც რევოლუციის იდეით შეპყრობილ სააკაშვილს გააჩნია პოლიტიკური უპირატესობა. ბრალდებების მთავარი ადრესატები მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტს მოუწოდებენ, საკუთარი სიტყვები მხოლოდ საკუთარ თავს მოარგოს.
ოპოზიციის დაუსრულებელი დაპირისპირების ლოგიკური დასასრული, სახელისუფლებო გუნდისთვის, დიდი პოლიტიკური მარცხია, რაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ყველა ოპოზიციურ პარტიას უკვე გარანტირებული აქვს.
ვინ წავა და ვინ დარჩება სააკაშვილის პარტიაში, უახლოეს პერიოდში გაირკვევა. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მათ შორის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას, უფლებამოსილების ვადა 8 ივლისს ეწურებათ. მისი ჩანაცვლების სურვილი, ნანუკა ჟორჟოლიანის გარდა, უკვე პარტიის ძველ წევრებსაც გაუჩნდათ. ერთ-ერთი თემურ გრიგალაშვილია, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს.