ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. მოსამართლის განმარტებით, სასამართლომ "დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიიჩნია, რომ სავარაუდოდ, ჩადენილია ჯგუფური ძალადობა, ორგანიზება და მასში მონაწილეობა".
"გაჟღერდა, მათ შორის, ვიდეოკადრები ჩემი მხრიდან და სიტყვა რევოლუციაც გაჟღერდა. ამაზე დავამატებ იმას, რომ ეგეთი ლოგიკით თუ ეს არის კანონდარღვევა, ილია ჭავჭავაძის სიტყვების დაწერაც სოციალურ ქსელში სამართალდარღვევა უნდა იყოს. საზოგადოებას, მათ შორის მეც, რომელიც ამ საზოგადოებას წარმოვადგენთ, გვრჩება ერთადერთი საერთაშორისო სამართლის მუხლის გამოყენება, რაც გვაძლევს ამბოხების უფლებას და წინააღმდეგობის გაწევის უფლებას. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ნებისმიერი ქმედება არის წინააღმდეგობა იმისთვის, რომ შენარჩუნდეს სამართლებრივი სახელმწიფო", - აცხადებს მოძრაობა "დაფიონის" დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე.
დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს სხვადასხვა ოდენობის გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ.
"ამ ადამიანებს ედავებიან ჯგუფურ ძალადობას - ზოგიერთს ორგანიზებას, ზოგიერთს მონაწილეობას. მნიშვნელოვანია რამდენიმე კომიკური გარემოება, მათ შორის ის, რომ ამ ადამიანებიდან არცერთი არათუ არ იცნობს ერთმანეთს, არამედ ერთმანეთთან კომუნიკაციაც კი არ ჰქონია", - აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, ხუთ პირს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
"მოსამართლემაც არანაირი სახით არ გამოყო ბრალდებულები ერთმანეთისგან და ყველაზე ერთიანად იმსჯელა, მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელიც, რა თქმა უნდა, არის დაუსაბუთებელი და უკანონო", - აცხადებს ვასილ კაძელაშვილის ადვოკატი რევაზ აჭარაძე.