ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.
ტექსტში ვკითხულობთ: "ევროკავშირი წუხს, ირაკლი კობახიძის განცხადების გამო "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შესახებ, არ გააგრძელოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე. აღვნიშნავთ, რომ ეს განცხადება ნიშნავს გადახვევას საქართველოს ყველა წინა ხელისუფლების პოლიტიკიდან და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებიდან, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში."
ამავე განცხადებაში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა და დემოკრატიულმა უკანდახევამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება უკვე მიმდინარე წლის ივნისში და რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას ემსახურება, ამჟამად შეჩერებულია.
"ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩებში, რათა დაადასტუროს თავისი მისწრაფებები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც მტკიცედ დგანან საკუთარი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედებები პირდაპირ ახდენს ჩვენს გავლენას ურთიერთობაზე," - წერია ევროკომისრების განცხადებაში.
განცხადება გაავრცელა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც.
"ჩვენ ვწუხვართ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირისა და მისი ღირებულებებთან დაშორების გამო. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით ევროპული მომავლისთვის. ევროკავშირის კარი ღია რჩება. ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია," - წერს საკუთარი X-ის გვერდზე ევროკომისიის პრეზიდენტი.