დილიდან მასშტაბური სარაკეტო იერიშია უკრაინაში - რუსეთის სამხედრო ძალების თავდასხმების შედეგად აფეთქებები დაფიქსირდა კიევში, ხარკოვში, ოდესაში, ვინიცაში, ზაპოროჟიეში, კრემენჩუკში, ლუცკსა და კრივოი როგში. ლუცკში იერიშის შედეგად საცხოვრებელი შენობა დაზიანდა, არიან დაშავებულები.
დაიბომბა სუმის ოლქი, შედეგად დაიღუპა 3, დაშავდა 6 ადამიანი. რუსეთის იერიშების პარარლურად თავდასხმებს ახორციელებს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე.
უკრაინის სამხედრო ძალებმა კონტროლი კურსკის კიდევ 2 დასახლებაზე დაამყარეს - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
გარდა ამისა, დღეს დილით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ქალაქებზე, სარატოვსა და ენგელსზე. მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ენგელსის აეროდრომზე მოხდა. სარატოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით კი, მრავალსართულიან კორპუსზე დრონის მოხვედრის შედეგად მძიმედ დაშავდა ერთი ქალი.
"ყოველდღიური რუსული ტერორი გრძელდება , რადგან რუსეთს აქვს ომის გაგრძელების შესაძლებლობა. რუსეთის თავდასხმებია სუმის ოლქზე - ხარკოვის ოლქზე, ხერსონზე და დონეცკზე. ამ ყველაფრისთვის კი მსოფლიომ არ უნდა შეწყვიტოს ტერორისტულ სახელმწიფოზე ზეწოლა. მსოფლიომ რუსეთი უნდა აიძულოს მშვიდობის გზა მოძებნოს. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც ნამდვილად გვეხმარებიან, ყველა ლიდერს, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობს, რათა ჩვენი თავდაცვა უფრო უსაფრთხო გახდეს, ჩვენი პოზიციები კი უფრო დაცული. მაგრამ დრო ნიშნავს დანაკარგებს. რაც უფრო დიდხანს მოგვიწევს ლოდინი, მით მეტი ზიანის მიყენებას მოახერხებს რუსეთი," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.