ჯო ბაიდენი სოციალურ მედიაში გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც აღდგომის კვირა ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოაცხადა. ინფორმაცია ამერიკულმა ტელეკომპანიამ, Fox News-მა გაავრცელა.
თეთრმა სახლმა პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტის პროკლამაცია გაავრცელა, რომელშიც 31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოცხადდა. ჯო ბაიდენი პროკლამაციაში აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია მხარს უჭერს ტრანსგენდერებს და აღნიშნავს, რომ „ტრანსგენდერი ამერიკელები ჩვენი ერის სტრუქტურის ნაწილია“.
„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ალექს მუნმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან თავდასხმაა ქრისტიანობაზე და კიდევ ერთი თავდასხმა რელიგიასა და ტრადიციებზე.
როგორც კონგრესმენმა დიანა ჰარშბარგერმა აღნიშნა, „აშკარაა, რომ მემარცხენეებს გადაწყვეტილი აქვთ ძირი გამოუთხარონ ჩვენს რელიგიასა და ტრადიციებს“.
კონსერვატიული შეხედულებების მქონე კომენტატორმა, ბენი ჯონსონმა კი განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა სილა გააწნა ყველა ქრისტიანს ამერიკაში.
როგორც მედია წერს, ცნობილმა ამერიკელმა ქრისტიანებმა, პოლიტიკოსებმა და კომენტატორებმა თეთრი სახლის განცხადების შემდეგ, სოციალური მედიის პლატფორმები კრიტიკული კომენტარებით გაავსეს.