25 ივნისი 2026,   07:12
ვრცლად
ჩვენი მტრის მთავარი სამიზნე ჩვენი ენერგოსისტემაა - განსაკუთრებულად ძლიერი რუსული დარტყმები სწორედ ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთ-უკრაინის ომი კვლავ აქტიურ ფაზაშია. ოკუპანტებმა ღამით აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი რაკეტა და 12 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, მათ 12-დან 9 თვითმფრინავის განეიტრალება შეძლეს.

გრძელდება თავდასხმები უკრაინის ენერგო სისტემებზეც, რის გამოც ყოველდღიურად ათობით ადამიანი იღუპება.

ზელენსკის თქმით, დაზიანებული ენერგეტიკული სექტორის გამო, უკრაინა და, მასთან ერთად, მოლდოვა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ, თუ ომი დროულად არ დასრულდება, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება.

“ჩვენი მტრის მთავარი სამიზნე ჩვენი ენერგოსისტემაა. განსაკუთრებულად ძლიერი რუსული დარტყმები სწორედ ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. ეს საკითხი ჩვენთვის, ჩვენი მეზობლებისა და მთელი კონტინენტისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დნესტრისა და კანევის ჰიდროელექტროსადგურების მიზანმიმართული დაბომბვა ნათლად აჩვენებს რუსეთის სურვილს, გაიმეორონ კატასტროფა, რომელიც კახოვკის სადგურზე განახორციელეს. ჩვენს საერთო ამოცანად უნდა იქცეს იმაში დარწმუნება, რომ ამგვარი კატასტროფა ევროპაში აღარ განმეორდეს. უკრაინის გარდა, საფრთხეშია მოლდოვაც. მადლიერი ვარ ყველა პარტნიორის, რომელიც საჰაერო თავდაცვის ნაწილში დახმარებას გვიწევს. დიპლომატიურ ფრონტზე კი, ჩვენ ველით მეტ ძალისხმევას, მათ შორის - რუსული გავლენების საპასუხოდ ბრძოლაში. რაც შეეხება ფრონტის ხაზს, ჩვენ ზუსტად ვიცით, რისთვის ემზადება რუსეთი. ისინი შეპყრობილნი არიან ომით და თავისით არ გაჩერდებიან. ჩვენ კი ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მათ საკმარისი პასუხი გავცეთ.“ - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები