ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. საპასუხო იერიში განხორციელდა ჰეზბოლაზე - ისრაელმა ლიბანში მდებარე ბექაას ხეობას შეუტია. ისრაელ-ლიბანის საზღვრიდან 100 კილომეტრის მოშორებით მდებარე ტერიტორია დაჯგუფების მთავარ დასაყრდენად ითვლება.
აშშ-ის დაზვერვის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ისრაელში მკვეთრად არის შემცირებული ბენიამინ ნეთანიაჰუს, როგორც პოლიტიკური ლიდერის მიმართ ნდობა და არ გამოირიცხება უახლოეს პერიოდში მისი გადადგომისა და ახალი არჩევნების მოთხოვნით დიდი საპროტესტო აქციების მოწყობა.
შეერთებული შტატების ცნობით, თელ-ავივს ამ დრომდე არ წარმოუდგენია რაფაჰიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა, რომელიც მასშტაბური სახმელეთო ოპერაციის წინ უნდა განხორციელდეს.
პარალელურად, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენ. მდივანს ანტისემიტიზმში ადანაშაულებს. ისრაელ კაცის თვლის, რომ მძევლებზე "ჰამასის" ტერორისტების სექსუალურ ძალადობაზე მოხსენების მიმართ ანტონიუ გუტიერეშის გულგრილობა "გულდასაწყვეტი" იყო. მისივე მოსაზრებით, "ჰამასის" მსხვერპლნი ებრაელები რომ არ ყოფილიყვნენ, გაერო-ს გენმდივნის რეაგირება ბევრად უფრო მტკიცე იქნებოდა.