ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული პირი, ზუგდიდში დააკავეს. დავით კვეკვესკირი უმცროსი ლეიტენანტია, რომელმაც, თავის 2 კოლეგასთან ერთად, 2023 წლის დეკემბერში, საქართველოს მოქალაქე სცემა, რის შედეგადაც თემურ კარბაია საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოგვიანებით, დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა, 2 მათგანი დააკავა, დავით კვეკვესკირი კი მიიმალა. არსებული ინფორმაციით, კვეკვესკირი ზუგდიდში იმალებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დავით კვეკვესკირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე სსკ-ის 236-ე მუხლით დააკავა, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია გასული წლის 10 დეკემბერს გავრცელდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კარბაია დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, შემდეგ კი მისი შეურაცხყოფა და ცემა დაიწყეს. ნაცემი კაცი ჯერ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ცხედარს ექსპერტიზა 15 დეკემბერს ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ის ცემის შედეგად დაიღუპა.