25 ივნისი 2026,   01:31
ვრცლად
ალექსეი ნავალნის სახით, მსოფლიომ დაკარგა თავისუფლებისთვის მებრძოლი, ჩვენ მისი სახელით დავდგებით დემოკრატიისა და ჩვენი ღირებულებების სადარაჯოზე - ურსულა ფონ დერ ლაიენი

საპატიმროში მყოფი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას აქციები მოჰყვა რუსეთსა და მსოფლიოში. ნიუ-იორკი, ლონდონი, ბერლინი, ბარსელონა - ქალაქის ცენტრებში ნავალნის მომხრეები და პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ.

განცხადებები გააკეთეს მსოფლიო ლიდერებმაც, რომელთათვისაც ნავალნი პუტინის მსხვერპლია.

"რუსეთი სტრატეგიული მარცხი გარდაუვალია, რადგან ის “გულაგში” გზავნის ყველა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს, რადგან მათ სიკვდილისთვის წირავს. ბატონი ალექსეი ნავალნი ამის კარგი მაგალითია, მე ქედს ვიხრი მისი ცხოვრებისა და მისი ძალისხმევის წინაშე. ჩემი ფიქრები დღეს მის მეუღლესთან და ოჯახთანაა. ნავალნის სიკვდილი კრემლის სისუსტისა და ყველა ოპონენტის მიმართ შიშის მაგალითია," - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ალექსეი ნავალნის სახით მსოფლიომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი დაკარგა.

"ალექსეი ნავალნის გარდაცვალება საშინელი სიახლეა და იგი ნათლად აჩვენებს, რომ პუტინს არაფერი აშინებს ისე, როგორც განსხვავებული აზრი საკუთარ ხალხში. პუტინსა და მის მეგობრებს აშინებთ ადამიანები, ვინც წინააღმდეგობაში დგანან, ხმამაღლა საუბრობენ და იბრძვიან თავისუფლებისთვის, იბრძვიან კორუფციის წინააღმდეგ. ალექსეი ნავალნის სახით მსოფლიომ დაკარგა თავისუფლებისთვის მებრძოლი. ჩვენ პატივს მივაგებთ მის სახელს, მისი სახელით კი დავდგებით დემოკრატიისა და ჩვენი ღირებულებების სადარაჯოზე," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, გაეროში ოპოზიციონერის გარდაცვალების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვენ.

"გენერალური მდივანი შოკირებულია ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილის შესახებ გავრცელებული ცნობით. გენერალური მდივანი უსამძიმრებს ნავალნის ოჯახს და გამოდის მოწოდებით, ჩატარდეს პატიმრობაში მყოფი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებების სრული, სანდო და გამჭვირვალე გამოძიება. ისეთი,რომლის რწმენაც შესაძლებელი იქნება,” - აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპიკერი სტეფან დუჯარიკი.

დღის ამბები