13 ივნისი 2026,   16:56
ვრცლად
"ვიღაც შემოვიდა და 4 კაცი მოკლაო ცეცხლსასროლი იარაღით, [მიზეზი] აბსოლუტურად არ ვიცით" - რას ამბობენ ადგილობრივები რუსთავის ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარ მკვლელობაზე

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. მოკლულია ოთხი ადამიანი, არის დაჭრილიც. რა იყო თავდასხმის მოტივი და რა ვითარებაა დანაშაულის ადგილზე ამ წუთებში - "კურიერის" გადამღები ჯგუფი მომხდარის დეტალებს შემთხვევის ადგილზე არკვევს.

არსებული ცნობით, შეიარაღებული პირი ბაზრობის აგრარულ ნაწილში შეიჭრა და ცეცხლი უშუალოდ ხორცით მოვაჭრეებს გაუხსნა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

თუ რა იყო დანაშაულის, მიზეზი, ადგილობრივები ვერსიებზე ვერ საუბრობენ.

"შეიჭრა და მოკლაო... ვერაფერს ვერ გეტყვი. ზოგი იძახის 4 ადამიანია გარდაცვლილიო, ზოგი - 3," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

"ამბობენ, ვიღაც შემოვიდა და 4 კაცი მოკლაო, ცეცხლსასროლი იარაღით, [მიზეზი] აბსოლუტურად არ ვიცით..." - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყების ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია, ის 1988 წელს დაბადებული მამაკაცია. სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის, ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. დაჭრილია ერთი პირი, რომელიც ბრალდებულის ბიძაშვილია. დაჭრილი საავადმყოფოშია მოთავსებული, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. 

დღის ამბები