07 დეკემბერი 2023,   20:55
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიპოვით და ხალხი დაბრუნდება აფხაზეთის ტერიტორიაზე - გია ვოლსკი

30 წელი სოხუმის დაცემიდან - დილიდან პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან უკვე იმყოფებოდა პრემიერ მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ადგილზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც, რომლებიც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ.

"ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, დღეს გვაქვს შანსი გამოვიყენოთ ჩვენი გეოპოლიტიკური მოცემულობა და აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

"დღეს მოვედით რათა პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის შეწირულ გმირებს. დღეს გვაქვს შანსი, რომ ეს განწირულ სულისკვეთება არა მხოლოდ უკვალოდ, არამედ უშედეგოდ არ იყოს ჩავლილი, გამოვიყენოთ ეს გეოპოლიტიკური მოცემულობა და აღვიდგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მმართველი გუნდი წევრის გია ვოლსკის განცხადებით, დღეს ათასობით ადამიანი ჩამოდის ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიაზე, რათა მიიღონ შესაბამისი დახმარება და მომსახურება.

მისივე თქმით იმედი აქვს, რომ ქართველები მალე დაბრუნდებიან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

"ბევრი ბერკეტი არსებობს, მათ შორის ადამიანების გულების უკან დაბრუნება. ათასობით ჩამოდიან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომ აქ მიიღონ სითბო, მოვლა, პატრონობა, სამედიცინო მომსახურება. ეს პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიპოვით და ხალხი დაბრუნდება იმ ტერიტორიაზე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები