02 სექტემბერი 2026,   08:38
ვრცლად
რატი იონათამიშვილი: შეწყალების აქტი არის იმ ჰუმანური პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს

"საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 226 მსჯავრდებული შეიწყალა. 226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, შესაძლებლობა მისცა, დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, შეწყალების ეს აქტი იმ ჰუმანური პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. რატი იონათამიშვილის განცხადებით, ამნისტიის იმ კანონის საფუძველზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2024 წელს მიიღო, 1000-ზე მეტმა პატიმარმა დატოვა პენიტენციური დაწესებულება და ის 7000-ზე მეტ პრობაციონერს შეეხო. თუმცა, მისი საბოლოო ეფექტი არასაპატიმრო სასჯელის ზომების გამოყენების საფუძვლის შექმნაში რეალურად კიდევ უფრო მეტი იყო.

„ამიტომ, ჩვენ ვერ მივიღებთ კრიტიკას იმ პირებისგან, ვისაც 2012 წელს 24500 პატიმარი ჰყავდა ციხეებში გამოკეტილი და დამამცირებლად, თვეში ერთ პატიმარზე 300 ლარსაც კი არ ხარჯავდნენ. ამჟამად ეს თანხა ერთ პატიმარზე თვეში 2000 ლარამდეა გაზრდილი“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, შეწყალების ან ამნისტიის საკითხის განხილვისთვის მთავარი და პრინციპულად მნიშვნელოვანი წინაპირობა დანაშაულის აღიარება, სინანული და მონანიება იყო.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ შეწყალების ან ამნისტიის საკითხის განხილვისთვის მთავარი და პრინციპულად მნიშვნელოვანი წინაპირობა დანაშაულის აღიარება, სინანული და მონანიება იყო. და ეს ასეც მოხდა! მაგრამ ის რეაქცია, რაც ჩვენ ძალადობრივი აქციების მონაწილე 9 შეწყალებული პირის მიმართ რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ვიხილეთ, ყოველგვარ მორალურ და ზნეობრივ სტანდარტს სცდება და ამორალური პროპაგანდის ფსკერს წარმოადგენს. ფაქტია, რომ უსამშობლო აგენტები ამ ახალგაზრდებს ძალადობისა და საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ. აგენტურულ ჯგუფებს გაუხარდათ მათი დაპატიმრება და ძალიან ეწყინათ გათავისუფლება. საქართველოს პრეზიდენტის ჰუმანურმა აქტმა, ამ 9 პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი ამორალური ხასიათი დაანახვა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს. სწორედ ეს არის ღირებულებითი სხვაობა, რომელიც რადიკალურ აგენტურულ ჯგუფებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებობს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, აგენტურული ჯგუფები მუდმივად ირჩევენ სიძულვილს, ბულინგს, ზიზღს, მათ შორის, ხშირად ერთმანეთის მიმართ ყველაზე რადიკალური და მიუღებელი მიმართულებებით მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ სამართლიანობის, პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ჰუმანურობის პრინციპებზე დგას.

„სწორედ ამიტომ არიან რადიკალური ჯგუფები ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელი. როგორც ჩანს, ეს აგენტურული ჯგუფები მალე მიუღებელი გახდებიან საკუთარი პატრონებისთვისაც“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები