01 სექტემბერი 2026,   16:47
ვრცლად
ეს დღეები ეროვნული ერთიანობის და ღირსების სიმბოლო უნდა ყოფილიყო, თუმცა სამწუხაროდ, საზოგადოების კიდევ უფრო დასაპირისპირებლად გამოიყენეთ - გიგა ფარულავა აგვისტოს ომის 18 წლისთავზე

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მიმდინარე სესიის სამუშაო გეგმა გააცნო, რის შემდეგაც დარბაზში პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებაზე ისაუბრა.
ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ეროვნული ინტერესები არასდროს უნდა გახდეს პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და პირადი ამბიციების ინსტრუმენტი. მან ასევე მკაცრად გააკრიტიკა ოპოზიციის რიტორიკა აფხაზეთისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც მისი თქმით, მშვიდობიან პოლიტიკასა და ნდობის აღდგენას საფრთხეს უქმნის. დარბაზში აქცენტი გაკეთდა სხვა პოლიტიკურ თემებზეც. 

განცხადებებით წარდგა ოპოზიციაც - პარლამენტის ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, გიგა ფარულავას განცხადებით, ხელისუფლებისა და ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებები 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღსა და საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში დაპირისპირებას აძლიერებს და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს.

"18 წლის წინ რუსეთი კიდევ ერთხელ ღიად შემოიჭრა საქართველოში. მანამდე გასული საუკუნის 90-იან წლებში ყველას გვახსოვს რუსეთის აგრესია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს დღეები ეროვნული ერთიანობის და ღირსების სიმბოლო უნდა ყოფილიყო, თუმცა სამწუხაროდ, საზოგადოების კიდევ უფრო დასაპირისპირებლად გამოიყენეთ.

ხელისუფლების თუ ცალკეული ოპოზიციური პარტიების და პოლიტიკოსების მხრიდან მოვისმინეთ მავნებლური განცხადებები ომის დაწყების თარიღებსა და საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ აზიანებს ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს და აღრმავებს პოლარიზაციას", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე გიგა ფარულავა.

დღის ამბები