02 სექტემბერი 2026,   01:48
ვრცლად
მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ - სულხან თამაზაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი - მუსტაფა ჩიფთჩი, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია.

ერთობლივი განცხადების დროს, საქართველოს შს მინისტრმა თურქ კოლეგას და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის.

როგორც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია:

"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას და დელეგაციის წევრებს ქვეყანაში ვიზიტისთვის და მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის. მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ და მისი კიდევ უფრო გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები განვსაზღვრეთ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს მრავალწლიანი მეგობრობა, კეთილმეზობლური ურთიერთობა და თანამშრომლობის მრავალმხრივი გამოცდილება.

დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს, გამოცდილების გაზიარების კუთხით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქეთის მხარესთან თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან, არალეგალურ მიგრაციასთან, კიბერდანაშაულთან, ნარკოდრეფიკთან ბრძოლის, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის და სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიმართულებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება არალეგალური მიგრაციისა და სხვა სახის ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ.

ორმხრივ შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საერთაშორისო სამართლებრივ თანამშრომლობას, ვისაუბრეთ ძებნილ პირთა საკითხებზე, ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებასა და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიან გამოყენებაზე,"- აცხადებს სულხან თამაზაშვილი.

 

დღის ამბები