რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გეოპოლიტიკური შედეგები - ამ საკითხებზე სასტუმრო "რედისონში" რონდელის ცენტრის კონფერენცია მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის კვლევითი ორგანიზაციების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლები უსაფრთხოების საკითხებს 2 დღის განმავლობაში განიხილავენ.
კონფერენციაზე მსჯელობენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად განვითარებულ მოვლენებზე, უსაფრთხოებაზე, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებზე, რეგიონული ძალების საგარეო პოლიტიკაზე, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის უახლეს გეოპოლიტიკურ ტენდენციებზე.
"აქ იკრიბებიან როგორც ქართველი ისე საერთაშორისო ექსპერტები. განიხილავენ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და ასევე ზოგადად გლობალური უსაფრთხოების თემებს. ეს კონფერენცია დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის თავდასხმების გამო უკრაინაში. დღეს კიდევ უკეთ განვიხილავთ თუ როგორ შეგვიძლია მეტად დავიცვათ დემოკრატია, სტაბილურობა, განვითარება, ის რამაც მსოფლიო ხალხებს მოუტანა დემოკრატიული ცხოვრების წესი. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი რამ დევს სასწორზე," - აცხადებს კელი დეგნანი.