30 სექტემბერი 2026,   07:17
ვრცლად
როგორ იქცა დაუგმობელი ძალადობა მისაბაძ პოლიტიკურ სიმბოლოდ - პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელ წერილში, მიხეილ სააკაშვილისა და ალექსანდრე კორძაიას მაგალითზე საუბრობს

მუქარა, შეურაცხყოფა, თავდასხმები და რადიკალური პროცესების წახალისება - როგორ იქცა დაუგმობელი ძალადობა მისაბაძ პოლიტიკურ სიმბოლოდ- პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვრცელ წერილში, ერთ ხმაში მაგინებელი - მიხეილ სააკაშვილისა და ალექსანდრე კორძაიას მაგალითზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული ექს პრეზიდენტი, დღეს სწორედ იმ ადამიანებს აგინებს, რომელთა მძიმე შეურაცხყოფაც, ევროკავშირმა კორძის შემთხვევაში შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებად გამოაცხადა. ავრცელებს სააკაშვილის ვიდეოსაც სასამართლო პროცესიდან. ბრიუსელის დუმილის ფონზე კი მის ქმედებას, მუსიკოსის მსგავსად, გარედან შემოტანილი, დატრენინგებული და წაქეზებული კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ აღნიშნული მუქარის შემცველი გზავნილები, სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააჟღერა. 30 წუთიან პოლიტიკურ განცხადებაში არ მოერიდა პოლიტიკური ეთიკის დარღვევასაც, რომელიც პირდაპირ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის გინებაში გამოიხატა.

ეს მუქარა და ძალადობრივი შინაარსის განცხადებაა სახელისუფლებო გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათთვის ძალადობასთან ერთად, მიუღებელია ძალადობის ნორმალიზებაც, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია უკვე წლებია, სხვადასხვა აქტორის გამოყენებით ცდილობს.

სააკაშვილის განცხადება დღეს მის პარტიას არ დაუგმია. უფრო მეტიც, "ნაციონალურ მოძრაობაში" რუსთავის ციხის პატიმრის გამართლებაც სცადეს, ორი განსხვავებული არგუმენტით.

ის, რაც ემოციურია "ნაციონალური მოძრაობისთვის", უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალიზმია "ქართული ოცნებისთვის". მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მათთვის ამორალურია, ევროპელი ბიუროკრატების ნებისმიერი ქმედება. რომელიც საზოგადოების დაპირისპირებას ისახავს მიზნად და რომელიც ევროკავშირის, ჰუმანიზმის, დემოკრატიისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების პრინციპებს ეწინააღმდეგება.

მმართველი გუნდის მიერ რადიკალიზმსა და სიძულვილის ენის გამოყენებაში მხილებულ მუსიკოსს, ევროკავშირის წარმომადგენლობისა და დანიის კულტურის ინსტიტუტის მხარდაჭერით, 3 დღის წინ გორში კონცერტი უნდა გაემართა. თუმცა, ფესტივალი, თავად დონორებმა გააუქმეს, რომლებმაც, არაერთი მცდელობის მიუხედავად არ უპასუხეს "კურიერის" შეკითხვას - რატომ აფინანსებენ დიპლომატიური უწყებები სხვისი ღირსებისა და პატივის შეურაცხმყოფლებს?

დღის ამბები