30 სექტემბერი 2026,   01:21
ვრცლად
MTV 2026 - მადონას ტრიუმფი და ტეილორ სვიფტის ახალი რეკორდი

მუსიკალური სცენის ლეგენდა კვლავ ყურადღების ცენტრშია. ლოს-ანჯელესში გამართულ MTV -ის დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი პრიზი პოპის დედოფალმა მოიპოვა, რომელმაც შოუ 7 ჯილდოთი დატოვა. მადონამ სცენიდან საკუთარ შემოქმედებით გზაზე, თვითგანვითარებასა და მუსიკისადმი სიყვარულზე ისაუბრა.

მადონა MTV-ის სცენას ცოცხალი შესრულებით 23 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ცერემონია თავად გახსნა. საბრინა კარპენტერთან ერთად შესრულებულმა ნომერმა საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დასაწყისი შექმნა.

68 წლის მომღერლისთვის საღამო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებით გაგრძელდა - მან ჯილდო საუკეთესო საცეკვაო ნამუშევრისთვისაც მიიღო. მომღერალმა ნიუ-იორკში გატარებული ადრეული წლები და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მოცეკვავის კარიერაზე ოცნებობდა.

საღამოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ტეილორ სვიფტის გამარჯვება აღმოჩნდა. The Fate of Ophelia - მ წლის ვიდეოს კატეგორიაში გაიმარჯვა. ეს სვიფტისთვის კარიერაში VMA-ის 33-ე ჯილდოა, შედეგად, მან ბიონსეს რეკორდს გადაასწრო და დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე მეტი VMA-ს მფლობელი გახდა.

36 წლის პოპვარსკვლავი იმ საპატიო პრიზის მფლობელიც გახდა, რომელიც ნოვატორ მუსიკოსებს გადაეცემათ, რომელთა სარეჟისორო ჩართულობამ გააფართოვა მუსიკალური ვიდეოების შესაძლებლობები და განავითარა ვიზუალური თხრობის ხელოვნება.

სვიფტმა ჯილდო დოლი პარტონს მიუძღვნა და მას "შოუგერლი" უწოდა. დოლი პარტონი, ცნობილი ამერიკელი ქანთრი-მომღერალი, კომპოზიტორი და ბიზნესმენი იყო, რომელიც აგვისტოში, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცერემონიაზე განსაკუთრებული პატივი მიაგეს ნირვანასაც. ჯგუფს ჯილდო გადაეცა, რომელიც მუსიკალური ვიდეოების სფეროში გავლენასა და ხანგრძლივ შემოქმედებით მემკვიდრეობას აღნიშნავს. კრისტ ნოვოსელიჩმა გამოსვლისას კურტ კობეინი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ნირვანას მუსიკამ დროთა განმავლობაში საკუთარი გზა თავად იპოვა.

სხვადასხვა კატეგორიებში დაჯილდოვდნენ ბრუნო მარსი, ოლივია როდრიგო, არიანა გრანდე, სიენა სპაირო და სხვა არტისტები.

43-ე ცერემონიის წამყვანი სნუპ დოგი იყო, რომელიც სხვადასხვა დროს ამავე დაჯილდოების სამგზის გამარჯვებულია.

წლევანდელი MTV- ის ცერემონია სხვადასხვა თაობის ვარსკვლავების შეხვედრის ადგილად იქცა. ერთ მხარეს - მუსიკის ლეგენდა, რომელმაც შვიდი ჯილდო მოიპოვა, მეორე მხარეს კი - სვიფტი, რომელმაც VMA-ს ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

დღის ამბები