16 ნოემბერი 2026,   18:41
ვრცლად
პარლამენტში მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ.

გამომსვლელებმა ისაუბრეს მასწავლებლის პროფესიის განსაკუთრებულ როლზე, პედაგოგთა ღვაწლზე მომავალი თაობების აღზრდის საქმეში და ყურადღება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და მათი მხარდაჭერის აუცილებლობაზე გაამახვილეს.

შალვა პაპუაშვილმა და მარიამ ლაშხმა ეროვნული პრემიის ლაურეატ მასწავლებლებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოშვებული სამახსოვრო მედალიონები გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: "ზოგადი განათლების რეფორმა – ცვლილებები, გამოწვევები და მოლოდინები".

დისკუსიის ფარგლებში მოხსენებებით წარდგნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი. მომხსენებლებმა ზოგადი განათლების რეფორმის პირველი ეტაპის შედეგებზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებსა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრეს.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, მასწავლებლები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

დღის ამბები