"რა არ უნახავს ქართულ პოლიტიკას, მაგრამ ალბათ არასდროს არ უნახავს ის, რასაც ამ დღეების განმავლობაში ხედავს - "ნაცმოძრაობა" მიხეილ სააკაშვილს ემიჯნება, ელენე ხოშტარიას ემიჯნება გვარამია და მელიას "ახალი" პარტია", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოზე ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
გორდულაძის თქმით, აღნიშნული პოლიტიკური ტენდენციიდან გამომდინარე
გამორიცხული არ არის, პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრებმა განაცხადონ, რომ გიორგი გახარია მათი პარტიის თავმჯდომარე არ არის.
"თურმე არაფერ შუაში არ ყოფილა "ლელოსთან" ალეკო ელისაშვილი. საბოლოო ჯამში, შეიძლება იქამდეც კი მივიდეს საქმე, რომ გახარიას პარტიამ თქვას, გახარია ჩვენი თავმჯდომარე არ არისო.
ერთი არის სხდომათა დარბაზში გაკეთებული განცხადებები და მეორეა
გარეთ რასაც ამბობენ. ტყუილი, ტყუილი და ტყუილი - ძალიან მარტივად შეიძლება მათი ნათქვამების შეფასება.
მაგალითად, ბოლოს ნიკა გვარამიამ თქვა, რომ 1000-ზე მეტი საჩივარი დავწერეთ უბნებზეო. სინამდვილეში კი, პარტია "ახალმა" 161 საჩივარი დაწერა. მხოლოდ და მხოლოდ სამი დღის შემდეგ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თურმე მელანმა გაჟონა და ფურცელი შეიცვალაო - რეალურად, ასეთი საჩივარი იყო ხუთი.
ნიკა გვარამიას თქმით, მას სწამს, რომ არჩევნები გაყალბდა. საქართველოს კონსტიტუცია იმაზე არ არის დამყარებული, თუ რა სწამს ნიკა გვარამიას ან სხვა რიგით "ნაცს", არამედ მთავარი არის რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.