ბირთვული არსენალი არის რუსეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი, აუცილებელია მისი გაუმჯობესების გაგრძელება,- ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე წელს მსოფლიო მასშტაბით სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში თანამედროვე იარაღის დონემ 91%-ს გადააჭარბა.
"დღეს, ნატოს თითქმის ყველა ძირითადი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი და შესაძლებლობები აქტიურად გამოიყენება რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები მუდმივად და ყოველდღიურად იზრდება. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაძლიერებთ.
საბრძოლო მოქმედებებმა გამოავლინა საკითხები, რაზეც მუშაობაა საჭირო. ყველა ინფორმაცია ნატოს ძალების და საშუალებების შესახებ, რომლებსაც ისინი იყენებენ უკრაინაში სპეცოპერაციის დროს, კარგად არის ცნობილი.
ჩვენი არმიის დაფინანსებაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, ქვეყანა უზრუნველყოფს ყველაფერს, რაც სამხედროებს სჭირდება. ბირთვული "ტრიადის" საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტიაა,"-განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
ამასთან, დასავლეთი გააკრიტიკა სერგეი შოიგუმ- რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თქმით, დასავლეთი ცდილობს მაქსიმალურად გაახანგრძლივოს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, რათა დაასუსტოს რუსეთი. შოიგუს განცხადებით დასავლეთმა უკრაინის დასახმარებლად 97 მილიარდი დახარჯა, რაც ავღანეთის მაჩვენებლებზე მეტია.
"უკრაინის ხელმძღვანელობა მიმართავს დაპირისპირების აკრძალულ მეთოდებს, მათ შორის ტერორისტულ თავდასხმებს და მკვლელობებს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას მძიმე იარაღით. დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ არ შეამჩნიონ ეს ყველაფერი, ისევე როგორც ბირთვული შანტაჟის ელემენტები. დასავლეთი ცდილობს მაქსიმალურად გაახანგრძლივოს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, რათა დაასუსტოს რუსეთი. ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა გადავარჩინოთ მოსახლეობა გენოციდისა და ტერორისგან,"-აცხადებს სერგეი შოიგუ.