01 ივლისი 2026,   19:54
ვრცლად
ეკატერინე გუნცაძე "მუდისის" პროგნოზზე: აღნიშნულ შეფასებას საფუძვლად უდევს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები, რაც გამოიხატება ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებში

სარეიტინგო სააგენტო "მუდისმა" შეაფასა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და გააუმჯობესა პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა. "მუდისი" აღნიშნავს, რომ რეიტინგს განაპირობებს საერთაშორისო გამოწვევების მიუხედავად ქვეყნის არსებული ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პოზიცია, მყარმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა კი შეამსუბუქა გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან მომდინარე რისკები.

სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 6.4%-ით, ხოლო 2027 წელს ზრდა მოსალოდნელია 5.5%-ზე. "მუდისი" ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კვანძის, სტრატეგიულ პოზიციას შუა დერეფანში, რაც ხელს უწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციასა და ინვესტიციების მოზიდვას.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებასა და ქვეყნის მაკროეკონომიკურ მონაცემებზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე საუბრობს.

"გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ შეფასებას საფუძვლად უდევს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები, რაც გამოიხატება ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებში, დაბალ ფისკალურ მაჩვენებლებში და, ზოგადად, მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, რაც თავის მხრივ, ამსუბუქებს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური გამოწვევების შედეგებს. განახლებული პროგნოზების თანახმად, მუდისი 2026 წლისთვის პროგნოზირებს საქართველოს ეკონომიკის ზრდას 6.4%-ის ფარგლებში, ხოლო 2027 წლისთვის 5.5%-ის ფარგლებში," - განაცხადა ეკატერინე გუნცაძემ.

დღის ამბები