01 ივლისი 2026,   02:11
ვრცლად
საუკუნის გათხრები - ნოტრ-დამის ახალი აღმოჩენები

ნოტრ-დამის ტაძრის წინამოსამზადებელი სამუშაოებისას, 4 მეტრის სიღრმეში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს IV საუკუნის მონეტა და სხვა საიდუმლო წარწერები, რაც "საუკუნის გათხრებად" შეფასდა. მეცნიერების ვარაუდით ეს აღმოჩენა ქალაქის ისტორია შეცვლის.

პარიზში მიმდინარე ფართომასშტაბიანმა არქეოლოგიურმა გათხრებმა უკვე მიიპყრო ისტორიკოსებისა და მეცნიერების განსაკუთრებული ყურადღება. ფრანგულმა მედიამ ამ პროექტს "საუკუნის გათხრები" უწოდა, რადგან აღმოჩენილი არტეფაქტები, სავარაუდოდ, ახალ ინფორმაციას გაამჟღავნებს ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ.

გათხრები ტარდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ახალი ურბანული პროექტების განხორციელებამდე არქეოლოგიური კვლევა გახდა აუცილებელი. სპეციალისტების თქმით, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები იშვიათია და მეცნიერებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, შეისწავლონ სხვადასხვა ისტორიული ეპოქის კულტურული ფენები.არქეოლოგიური სამუშაოები ძველი სახლების სარდაფებამდე აღწევს, აღწევს იმ ისტორიულ ეპოქამდეც, რომელსაც ეს ნაგებობები ეკუთვნის.სარდაფების ქვემოთ აღმოჩენილია მეროვინგებისა და კაროლინგების ეპოქის (VI–X საუკუნეები) მარცვლეულის შესანახი ორმოები. მათ ქვემოთ კი, კიდევ უფრო ღრმა და მუქ კულტურულ ფენებში, IV–V საუკუნეების რომაული კვარტალი იშლება.

მთავარი აღმოჩენა 4 მეტრის სიღრმეშია, სადაც თითქმის 20 საუკუნის ისტორიაა ერთმანეთზე დალაგებული. აქ ნათლად ჩანს ისტორიის ფენები, შუა საუკუნეების პარიზი, რომაული პარიზი შესაძლოა, უფრო ადრეული პერიოდიც.

მონეტები, კერამიკა და იდუმალი ნიშნები

ყველაზე ღირებული აღმოჩენები არქეოლოგებს უცნაურ ადგილებში ხვდებათ - შუა საუკუნეების სახლების ქვეშ არსებული ღრმა სანაგვე ორმოებში, რომლებიც თავდაპირველად საპირფარეშოებად გამოიყენებოდა, მოგვიანებით კი ნაგვის გადასაყრელ ადგილებად იქცა. ამ ორმოებიდან მუდმივად ამოაქვთ საუკუნეების წინ გადაყრილი, თუმცა საოცრად კარგად შემონახული დოქები, თასები და სხვა კერამიკული ჭურჭელი. ისინი გატეხილ თეფშებთან და ცხოველთა ძვლებთან ერთად იყო აღმოჩენილი.

უკვე ნაპოვნ ასობით ნივთს შორის არის: მეოთხე საუკუნის მონეტა, რომელზეც იმპერატორ კონსტანტინეს სახეა გამოსახული, და შუა საუკუნეების კერამიკის ნატეხები, რომელთა შიდა მხარეს დატანილი ნიშნები ჯერ კიდევ არცერთ ექსპერტს არ გაუშიფრავს,რაც თანამედროვე „და ვინჩის კოდს“ მოგვაგონებს.გათხრებისას აღმოჩენილი მონეტები თავდაპირველად მხოლოდ ჟანგით დაფარული შავი დისკებივით გამოიყურებოდა, თუმცა რენტგენული გამოკვლევის შემდეგ ერთ-ერთ მათგანზე მკაფიოდ გამოიკვეთა იმპერატორ კონსტანტინეს სახე, რომის იმპერატორის, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში მართავდა იმპერიას.

მეცნიერების თქმით, მსგავსი მონეტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან მათი დახმარებით შესაძლებელია მიწისქვეშა კულტურული ფენების ზუსტი დათარიღება.

იდუმალი წარწერები, რომლებმაც მეცნიერებიც დააბნიეს

აქ აღმოჩენილი რბილი ორგანული ნარჩენები კერამიკულ ნივთებს ერთგვარ დამცავ ფენად გადაეკრა, რის გამოც ისინი საუკუნეების განმავლობაში დაზიანების გარეშე შემორჩა.თუმცა ყველაზე დიდი გაოცება სხვა აღმოჩენამ გამოიწვია. როდესაც რესტავრატორებმა, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი შუა საუკუნეების კერამიკული ჭურჭლის გაწმენდა დაიწყეს, მის შიდა მხარეს მკრთალი მოწითალო ფერის წარწერები და ნიშნები აღმოაჩინეს. მსგავსი სიმბოლოები ერთ ნატეხზე კი არა, მრავალ ფრაგმენტზე მეორდებოდა.

ამ უცნობი ნიშნების მნიშვნელობა დღემდე დაუდგენელია და მათი გაშიფვრა ჯერ ვერავინ შეძლო.არქეოლოგებისთვის ყველაზე ფასეული რომაული პერიოდის აღმოჩენებია ,ისინი ყველაზე ძველი, ყველაზე ღრმა და ამავდროულად ყველაზე ნაკლებად შესწავლილია.
რომის იმპერიის დროს დღევანდელ პარიზს ლუტეცია ერქვა. მისი ცენტრი სენას მდინარის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობდა.თუმცა რომის იმპერიის დაცემის შემდეგ მოსახლეობამ უფრო უსაფრთხო ადგილას სიტეზე გადაინაცვლა. სწორედ ამ კუნძულზე აშენდა მოგვიანებით ნოტრ-დამის ტაძარი. კუნძულის გასამაგრებლად ძველი რომაული ნაგებობებიდან აღებული ქვის ბლოკები გამოიყენეს.

გათხრებისას ნაპოვნია რომაული შენობის ქვის ზღურბლი, რომელიც თავდაპირველად ბევრად უფრო დიდი ნაგებობის ნაწილი იყო. მოგვიანებით ის სხვა ადგილზე გადაიტანეს, ამოატრიალეს და ქუჩის მოსაპირკეთებლად გამოიყენეს.

"უზარმაზარი არქეოლოგიური საცავი"

ყველა აღმოჩენილი ნივთი გათხრების ადგილიდან პარიზის არქეოლოგიურ ცენტრში გადააქვთ.არქეოლოგებისთვის მსგავსი სამუშაო განსაკუთრებული შესაძლებლობაა. საფრანგეთში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, გათხრები მხოლოდ მაშინ ტარდება, როდესაც კონკრეტულ ადგილზე სამშენებლო სამუშაოებია დაგეგმილი. ხშირად სწორედ მშენებლობები ხდება ისეთი ისტორიული აღმოჩენების მიზეზი, რომლებიც სხვაგვარად შეუმჩნეველი დარჩებოდა. ეს კვლევაც მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ პარიზის ხელისუფლებამ ნოტრ-დამის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა გადაწყვიტა.

ახალი სივრცე ნოტრ-დამის გარშემო

პროექტის დასრულება 2028 წლისთვის იგეგმება. ტაძრის წინ არსებული მოედანი მწვანე სივრცედ გადაიქცევა,დაირგვება 160 ახალი ხე, ხოლო ქვაფენილზე წყლის თხელი ფენა ზაფხულის სიცხეში გარემოს გაგრილებას შეუწყობს ხელს. ეს პარიზის იმ ღონისძიებების ნაწილია, რომლებიც ქალაქს გლობალური დათბობით გამოწვეულ სულ უფრო ცხელ ზაფხულებთან ადაპტაციაში დაეხმარება.

მეცნიერები გათხრების გაგრძელებას გეგმავენ. მათი მიზანია რომაულ ფენებზე უფრო ღრმად ჩასვლა და იმ ხალხის კვალის აღმოჩენა, რომელიც რომაელებამდე ცხოვრობდა- გალების, რომლებმაც ქალაქს პირველი სახელი მისცეს.

თითქმის ხელუხლებლად შემორჩენილი სამარხები

2022 წელს ნოტრ-დამის ტაძარში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოებისას მეცნიერებმა რამდენიმე სამარხი და, სავარაუდოდ, XIV საუკუნით დათარიღებული სარკოფაგი აღმოაჩინეს.

მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სრულად შემონახულმა, ადამიანის ფორმის ტყვიის სარკოფაგმა, რომლის შესახებაც იმ დროს საფრანგეთის კულტურის სამინისტრო აცხადებდა.მკვლევართა ვარაუდით, სარკოფაგი ეკუთვნოდა მაღალი რანგის სასულიერო ან სახელმწიფო მოღვაწეს და XIV საუკუნეში, ანუ ნოტრ-დამის აგებიდან დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ არის დამზადებული.

2023 წელს მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ნოტრ-დამის ტაძარი პირველი გოთიკური ტაძარი იყო, რომლის მშენებლობისას რკინის სამაგრები ფართო მასშტაბით გამოიყენეს.
2019 წლის დამანგრეველმა ხანძარმა გამოაჩინა რკინის დეტალები, რომლებიც ქვის ბლოკებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ზოგი მათგანი შენობის კონსტრუქციაში დარჩა, ნაწილი კი ხანძრის დროს გადახურებულმა ლითონმა ჩამოაგდო. ამ აღმოჩენამ მეცნიერებს საშუალება მისცა, უკეთ შეესწავლათ შუა საუკუნეების მშენებლობის ტექნოლოგიები და ნოტრ-დამის უნიკალური საინჟინრო სისტემა.

დღეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წინა მოედანი მხოლოდ ტურისტული სივრცე აღარ არის, ის უზარმაზარ ღია არქეოლოგიურ ლაბორატორიად იქცა, სადაც ყოველი ახალი არტეფაქტი შესაძლოა პარიზის აქამდე უცნობ ისტორიას ინახავდეს.

 

დღის ამბები