რეგიონული თანამშრომლობა, ეკონომიკური კავშირების დამყარება და გლობალური გამოწვევები, ამ საკითხებზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეის ფარგლებში იმსჯელეს. პაბსეკის 67-ე სხდომას საქართველო მასპინძლობს და ასამბლეის ღონისძიებები საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ტარდება. სტუმრებს პირველმა სიტყვით მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. შალვა პაპუაშვილი დისკუსიას როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გაუძღვა. მისი განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ვერ ხდება, პაბსეკი საერთო ინტერესების დაცვისთვის უნიკალური შესაძლებლობაა.
ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე და კონსტრუქციული პარტნიორობის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტმა. აფრიმ გაშის თქმით, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს და გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა აჩვენა, თუ როგორ შეუძლია რეგიონულ თანამშრომლობას მშვიდობის და სტაბილურობის ხელშეწყობა.
პაბსეკის 67-ე პლენარული სხდომა კასპში ტარდება. დღევანდელ შეხვედრაზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტების არჩევის საკითხზეც იმსჯელეს. პოზიციაზე 2 წლის ვადით საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი აირჩიეს. მისი თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის აქტიური მუშაობის და საერთაშორისო ნდობის შედეგია.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეის ფარგლებში საქართველოს შავი ზღვის აუზის 10 ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში პაბსეკის პლატფორმა რეგიონული საკითხების გადაჭრის და ურთიერთობების ახალ ჭრილში გადაყვანისთვის დამატებითი იმპულსია.
საქართველო, როგორც პაბსეკის თავმჯდომარე ქვეყანა, 2025 წელს აირჩიეს. საქართველოს შემდეგ ამ პოზიციას საბერძნეთი გადაიბარებს.