01 ივლისი 2026,   21:42
ვრცლად
პირადად მე ვიყავი [თავდასხმის] ობიექტი, მაგრამ მოპარვით, ვირთხულად დარტყმის გამო, იგივე ემოცია არ გვინახავს ჩვენ - მამუკა მდინარაძე

პარლამენტში, რამდენიმე დღის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი ვიცე-პრემიერმა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჩხუბი კარგი სანახავი არ არის და ბოლო რამდენიმე დღეა ამ ინციდენტთან დაკავშირებით გარკვეული სპეკულაციები ვრცელდება.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ თუ სისხლის სამართლის დანაშაულს არ შეიცავს ჩხუბი, გამოძიება არ იწყება, რადგან დეპუტატზე იმუნიტეტი ვრცელდება. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს დავალება ჰქონდათ მიღებული, რომ პარლამენტში სიტუაცია სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაეზარდათ.

"რა თქმა უნდა, კარგი სანახავი არასდროს არის ჩხუბი. ამ დღეების განმავლობაში მუდმივ სპეკულაციებს ვხედავთ ამასთან დაკავშირებით და ერთ ძალიან საინტერესო ფაქტის შესახებ მინდა ხაზგასმა გავაკეთო - თუ გაგიგიათ მსოფლიოში პრეცედენტი, რომ გამოძიება დაწყებულიყოს პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამო - თუ რა თქმა უნდა, სხეულის დაზიანების რაღაც ხარისხი არ გააჩნია ადამიანს და ა.შ. იაპონიაში ყოველ მესამე დღეს რომ ჩხუბობენ, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, სხვა ქვეყნებში... ეს შეიძლება კარგი იყოს, ცუდი იყოს - ამაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ ეს ხდება იმიტომ, რომ აქ შემოდის იმუნიტეტის ფაქტორი. როგორც მინიმუმ, ათწლეულების განმავლობაში დაინერგა მსოფლიოში პრაქტიკა, რომ პარლამენტში მომხდარ ჩხუბებზე არასდროს გამოძიება არ იწყება ხოლმე და თუ იწყება, არასდროს პასუხისგებაში არავინ მიეცემა.

ყველაზე გასაკვირი იცით რა არის? - გინებაზე და ხელის დარტყმაზე პასუხი ამაზრზენია ვიღაცებისთვის ამ ქვეყანაში და პირადად მე ვიყავი ობიექტი, ცოტა უხერხული გასახსენებელია, მაგრამ მოპარვით, ვირთხულად დარტყმის გამო იგივე ემოცია არ გვინახავს ჩვენ, ხომ? თქვენ წარმოიდგინეთ, პირადად ჩემს წინააღმდეგ რომ ასე მოპარვით და ვირთხულად დარტყმა ვიხილეთ, მერე რომ ვიღაცებმა ხელი დაარტყეს თავდამსხმელს, იმაზე რომ ბრაზდებოდნენ, როგორ დაარტყეს იმ ადამიანს ხელი და მდინარაძეზე თავდასხმა - ეს არაფერი, იწონებდნენ კიდეც. როგორ მოხდა ეს ყველაფერი, იმაზეც ვილაპარაკოთ.

გავიდა გამომსვლელი შარაშიძე, გავიდა და იღებს დავალებას, რომ პროვოკაცია მოეხდინა, წამოეკიდებინა ვინმე, შემოვიდა, დაიწყო ის შეურაცხმყოფელი საუბარი, ამაზე სიტყვიერი პასუხის გარდა ვერაფერი მიიღო და მეორე მათგანმა, ფარულავამ, დაიწყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. როგორც ჩემთვის ცნობილია, პროკურატურაში განცხადებაა შესული სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ თავდასხმაზე მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. დედის გინება თუ მათი სამსახურია, თქვან. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო ჩემს მიმართ, მაგრამ მაშინ არც კი მიფიქრია - რადგან ეს პრაქტიკა იყო, ვეთანხმებოდი თუ არ ვეთანხმებოდი ამ პრაქტიკას, არც კი მიფიქრია," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები