01 ივლისი 2026,   16:33
ვრცლად
ესპანეთში ძლიერმა სიცხემ 1000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

ოფიციალური მონაცემების თანახმად, გასულ თვეში, ესპანეთში მაღალი სიცხით გამოწვეული გარდაცვალების 1029 შემთხვევა დაფიქსირდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხუთდღიანმა სიცხემ, რომლის დროსაც ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს (104 გრადუსი ფარენჰეიტი) გადააჭარბა, ივნისი ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ თვედ აქცია.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ყოველდღიური სიკვდილიანობის მონიტორინგის სისტემის მონაცემებმა აჩვენა, რომ 2015 წლის შემდეგ, წელს, ივნისში, სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ესპანეთის მეტეოროლოგიური სააგენტო AEMET-ის ინფორმაციით, ივნისში საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 3.2 გრადუსით მაღალი იყო, რაც დაკვირვების წარმოების დღიდან, მეორე ასეთი შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ ივნისი ყველაზე ცხელი თვე 2025 წელსაც იყო.

23 ივნისს, ანომალიური სიცხის პიკზე, 35,7 მილიონი ადამიანი - ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 73% - სიცხესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკის ქვეშ იმყოფებოდა, რომელთაგან 38% მაღალი რისკის ჯგუფში შედიოდა.

დღის ამბები