01 ივლისი 2026,   20:37
ვრცლად
EUobserver: ევროპის ტრანსატლანტიკური სტრატეგია მოშლილია - როგორ კარგავს ბრიუსელი ორიენტაციას ვაშინგტონში

ევროკავშირის ტრანსატლანტიკური სტრატეგია ჩავარდნილია: ბრიუსელი კვლავ ეპირფერება დონალდ ტრამპის გარემოცვის გავლენიან ფიგურებს, აიგნორებს ოპოზიციას, რაც ევროპას საგარეო პოლიტიკურ კრიზისში ამყოფებს, - ვკითხულობთ გამოცემა EUobserver-ის სტატიაში.

დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ, ევროპა სისტემატურად მარცხდება ვაშინგტონში პირდაპირი პასუხების მიღების მცდელობაში.

როდესაც ევროკავშირის ვაჭრობის კომისარი მაროშ შეფჩოვიჩი 2025 წლის თებერვალში ვაშინგტონს ეწვია და შეხვდა აშშ-ის ვაჭრობის მდივანს ჰოვარდ ლატნიკს, ეკონომიკური საბჭოს დირექტორ კევინ ჰასეტსა და ვაჭრობის წარმომადგენელ ჯემისონ გრირს, მან შეხვედრა "პოზიტიური იმპულსის" ცრუ განცდით დატოვა.

იმავე თვეში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი ვაშინგტონში ჩაფრინდა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შესახვედრად, თუმცა შეხვედრა გაუქმდა.

ევროპარლამენტის დელეგაციამაც, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე ბერნდ ლანგეს ხელმძღვანელობით, გაიარა დიპლომატიური წრეები - შეხვდნენ ტრამპის ადმინისტრაციას, MAGA-სთან დაკავშირებულ ანალიტიკურ ცენტრებსა და კონგრესის ლიდერებს, თუმცა ამ შეხვედრებიდან არსებითი შედეგი ან სიცხადე არ გამოსულა.

როგორც გამოცემა წერს როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენი ტრამპის შოტლანდიურ გოლფის კლუბს "ტერნბერის" ესტუმრა, დაბრუნდა ისეთი სავაჭრო გარიგებით, რომელიც კაპიტულაციაზე იყო აგებული.
2026 წლის იანვრისთვის კი ვაშინგტონი უკვე იმუქრებოდა, რომ დანიის ტერიტორიას ძალით დაიკავებდა.

ევროპა ამ ურთიერთობებიდან მხოლოდ მოჩვენებით ეფექტს იღებს: შეურაცხყოფებს, რომლებიც პოლიტიკურ გულწრფელობად არის გასაღებული, და პარტნიორებს, რომლებიც არ არიან მზად კონსტრუქციული საუბრისთვის.

როგორც EUobserver  წერს, ნატოს გენერალური მდივანი, ერთადერთი ევროპელი ფიგურაა, რომელმაც "კოდი გატეხა" და საჯარო პირფერობის სტრატეგიით წვდომა მოიპოვა - თუმცა, არ უნდა აგვერიოს წვდომა გავლენაში. მან ტრამპი ევროპისკენ არ მოაბრუნა, მან ევროპა მოაბრუნა ტრამპისკენ.

დღის ამბები