17 ნოემბერი 2026,   15:02
ვრცლად
მედია: "რუსული ბაზრისადმი ერთგულება" - როგორ მფარველობდა გერმანული Deutsche Bank-ი რუს ოლიგარქებს და მათ მილიარდებს სანქციების მიუხედავად

მოპოვებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ Deutsche Bank-ი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა რუს ოლიგარქ მომხმარებლებს მას შემდეგაც კი, რაც ბანკის თანამშრომლებმა და ზედამხედველებმა გააფრთხილეს, რომ ეს კავშირები სანქციების დარღვევისა და ფინანსური დანაშაულის რისკებს შეიცავდა - ამის შესახებ საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიება "Inside Deutsche Bank"-შია ნათქვამი, რომელიც 200-ზე მეტი ჟურნალისტის მიერ შესწავლილ 15 მილიონზე მეტ ფაილს ეფუძნება.

დოკუმენტების თანახმად, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგაც კი, გერმანულმა ბანკმა რუსული ბაზარი არ დატოვა.
2020 წლის სტრატეგიულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ხაზინის სანქცირებულთა ან კრემლის სიაში მყოფი 17 პირი ბანკის რუსული მიმართულების შემოსავლის 47 %-ს ქმნიდა. კლიენტებს შორის იყვნენ რომან აბრამოვიჩი, ალიშერ უსმანოვი, ანდრეი მელნიჩენკო, ალექსეი მორდაშოვი, ოლეგ დერიპასკა და გენადი ტიმჩენკო.

გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წლიდან ბანკმა მდიდარი რუსი კლიენტები და 6.8 მილიარდი დოლარის მოცულობის აქტივები მიზანმიმართულად შვეიცარიასა და ლუქსემბურგში გადაიტანა, რათა იქაური საბანკო საიდუმლოების წესებით უცხო ქვეყნებისთვის მონაცემთა გადაცემა შეეზღუდა.
სწორედ ამ მიზეზით უთხრა გერმანულმა ბანკმა უარი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს რუსი კლიენტების სრული სიების მიწოდებაზე.

საყურადღებოა 2021 წლის ბოლო, როდესაც გერმანულმა ბანკმა ომის დაწყების ალბათობა შეაფასა როგორც "საკმაოდ დაბალი"და მოსკოვში ახალი სათაო ოფისიც კი გახსნა - ბანკის რუსეთის მიმართულების ხელმძღვანელმა მაშინ "რუსული ბაზრისადმი ერთგულებაზე" ისაუბრა.

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბანკის აღმასრულებელი დირექტორი კრისტიან ზევინგი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ბაზრიდან დაუყოვნებლივ გასვლა ბანკის ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა და რუსული ბიზნესის დახურვის პროცესი მხოლოდ მომდევნო დღეს გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ეს გამოძიება იმ ფონზე ქვეყნდება, როდესაც თავად გერმანიაში უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე მსჯელობენ.
თავის მხრივ, Deutsche Bank-ში სანქციებისთვის თავის არიდების ხელშეწყობას კატეგორიულად უარყოფენ - ბანკის განცხადებით, 2014 წლიდან მათ 900 კლიენტთან შეწყვიტეს ურთიერთობა, რისკების კონტროლში 7 მილიარდი ევრო ჩადეს, ხოლო რუსეთზე საკრედიტო ექსპოზიცია 960 მილიონი ევროდან 13 მილიონ ევრომდე შეამცირეს.

მიუხედავად ამისა, 2026 წლის მარტში თავად ბანკმა აცნობა გერმანიის ბუნდესბანკს ევროკავშირის სანქციების შესაძლო დარღვევის შესახებ, ბრიტანეთმა კი ის რუსული სტრიმინგ-სერვისისთვის განხორციელებული გადახდების გამო დააჯარიმა.

დღის ამბები