15 იანვარი 2021,   21:57
ვრცლად
"ვიხვეწებოდით კლინიკაში გადაყვანას, მაგრამ ადგილები არ იყო" - გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას მშობლები

გახდა თუ არა 19 წლის კოვიდპაციენტის გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია - გოგონას ოჯახი სწორედ დაგვიანებულ მკურნალობაზე საუბრობს.

თეკლა თორდიას ნათესავები ყვებიან, რომ ის, თავდაპირველად, კოვიდსასტუმროში მკურნალობდა, მდგომარეობის დამძიმების მიუხედავად კი, კლინიკაში ვერ გადაიყვანეს- მიზეზი კი სამედიცინო დაწესებულებებში ადგილების არარსებობა გახდა. გოგონას ქონდა თანმდევი დაავადება, რის შესახებაც ასევე ინფორმირებულები იყვნენ ექიმები.

"გამუდმებით ვრეკავდი სასწრაფოს ექიმებთან, ჯანდაცვასაც ვაწუხებდი და მიდიოდა გადამისამართება. 4 დღე გაგრძელდა ეს. მერე გამოვიძახე სასწრაფო, გადაიყვანეს კოვიდსასტუმროში და ექიმმა თქვა, რომ აქ, ერთადერთი შემიძლია ინჰალაცია გავუკეთოვო. არც ჟანგბადი, არანაირი პირობა არ აქვთ. სიცხის დამწევ წამალსაც მე ვაწვდიდი ბავშვს. ჯანდაცვაში გვეუბნებოდნენ, რომ პასუხი არ გვაქვსო. 

კოვიდსასტუმროში კლინიკის თანამშრომელი იყო და იმან დარეკა, სასწრაფოდ გადაიყვანეთ ბავშვიო,"-უთხრა "კურიერს" 19 წლის გარდაცვლილის დედამ ირმა თორდიამ.

"კოვიდი რომ დაემართა, მეხუთე დღეს გაურთულდა, სუნთქვა უჭირდა, ახველებდა. გვინდოდა კლინიკაში გადაყვანა, მაგრამ ადგილი არ იყო და კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს. ექიმი კი აქცევდა ყურადღებას, მაგრამ ამის საშუალება არ იყო სასტუმროში და ბავშვს მკურნალობა სჭირდებოდა,"-უთხრა "კურიერს" გარდაცვლილი პაციენტის მამამ რატი თორდიამ.

კორონავირუსით 19 წლის ახალგაზრდა გერმანულ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა შეყვანისას უკვე მძიმე იყო. გოგონას ანამნეზში შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები