15 ოქტომბერი 2026,   20:54
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: დღეს გარე ჩარევა დეზინფორმაციით, არჩევნებში ჩარევით, კიბერთავდასხმებით, დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საჭიროა დავიცვათ ჩვენი ინსტიტუტები მიუხედავად იმისა, რომელი წყაროდან მომდინარეობს ეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გამჭვირვალობის კუთხით საფრანგეთს საქართველოზე უფრო მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ახლა კი დეზინფორმაციის კუთხითაც აპირებს გამკაცრებას.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, ეს ყველაფერი გასაგებია და სრულად იზიარებენ იმ შიშებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში აქვთ.

"საფრანგეთს აქამდეც ჩვენზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა. 2024 წელს, ჩვენს შემდეგ მიღებული კანონი, სწორედ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ უცხოური დაფინანსების მქონე სუბიექტი არ გაასაჯაროებს საკუთარ ფინანსებს. იცით, რომ ჩვენთან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის, გამჭვირვალობის კანონით მხოლოდ ფინანსური ჯარიმებია. ასე რომ, საფრანგეთს ყოველთვის ჩვენზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა. ახლა კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მიდის დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი გასაგებია, ჩვენ სრულად ვიზიარებთ იმ შიშებს, რომელიც აქვთ სხვადასხვა ქვეყანაში.

დღეს მართლაც ასეა, რომ გარე ჩარევა, დეზინფორმაციით, არჩევნებში ჩარევით, კიბერ თავდასხმებით, არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობისთვის. უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაგერევა, არ არსებობს კარგი და ცუდი სახელმწიფო, ვინც ერევა შენს შიდა საქმეებში. თვითონ ჩარევა არის ცუდი. ასე რომ, დიფერენციაცია, რომ რუსეთი თუ ჩაერია ცუდია და გერმანია თუ ჩაერია კარგია, თავისთავად აჩვენებს ალოგიკურობას ასეთი მიდგომისა.

ამიტომ, ვთანხმდებით ყველა, რომ საჭიროა დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები უცხოური ჩარევისგან, მანიპულაციისგან, ზემოქმედებისგან და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება დეზინფორმაციისგან, მიუხედავად იმისა, რომელი წყაროდან მომდინარეობს ეს. წყაროს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის, რომ ნებისმიერი, ვინც ერევა, თავისი არსით უკვე არასწორია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები