16 ოქტომბერი 2026,   01:26
ვრცლად
კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის - შალვა პაპუაშვილი ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე

"კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხუთი პოლიტიკური სუბიექტის შესაძლო არაკონსტიტუციურად გამოძახების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული პარტიები წლებია დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობას ანტიდემოკრატიული გზებით ცდილობენ.

"არსებობს თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი, რომელიც მოქმედებს ყველა ქვეყანაში. ამან იმოქმედა უკრაინაში და 18 პარტია აიკრძალა, ამან იმოქმედა მოლდოვაში და 2 პარტია აიკრძალა. სურთ, რომ ეს აამოქმედონ სხვადასხვა ქვეყანაში.

ასევე, ჩვენც გამოვიყენეთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტაციას.

რაც შეეხება მიზეზებს, საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, რომ თითოეული ეს პარტია, წლებია ცდილობს ანტიდემოკრატიული გზებით დაამხონ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. რამდენიმე ასეთი მცდელობა ჩაუვარდათ. როდემდე უნდა უყუროს და უთმინოს საზოგადოებამ, როცა ექსტრემისტები ყოველ ჯერზე ცდილობენ, ყოველი არჩევნების საბაბად გამოყენებით, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობას.

აღარაფერს ვამბობ უკვე "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე, რომელიც ასევე გახლავთ სარჩელის შინაარსი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს.

88 კანონმდებლის სარჩელს შვიდი მოსამართლე სამი დღის განმავლობაში განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი, სასამართლოს 9 თვე აქვს.

უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.

პარტიების ნაწილი სასამართლო პროცესებში მონაწილეობას გეგმავს, ნაწილი კი ბათუმში ჩასვლას არ აპირებს.

დღის ამბები