15 ოქტომბერი 2026,   03:27
ვრცლად
ქართველების ერთ-ერთი მთავარი რელიგიური და ეროვნული დღესასწაული - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, რომელიც ქრისტეს კვართს საუკუნეებია ინახავს, დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავს. მართლმადიდებლური ეკლესიისთვის სვეტიცხოვლობა გამორჩეული დღეა. საზეიმო წირვისთვის სატახტო ქალაქში მზადება დილიდან დაიწყო.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ტაძარში ტარდება, თუმცა ამ დღეს განსაკუთრებული ადგილი უკავია სვეტიცხოველს, როგორც ერის რწმენის სიმბოლოს. სიმბოლურია ისიც, რომ პატრიარქის რანგში სვეტიცხოვლობის საზეიმო წირვა საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ დღეს პირველად აღავლინა.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავთან დაკავშირებით მსახურება პატრიარქმა სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარა, საზეიმო წირვის შემდეგ კი მრევლს და ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. გაიხსენა ილია მეორის ღვაწლი, ყურადღება წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე გაამახვილა და რწმენის განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პატრიარქთან და სინოდის წევრებთან ერთად მსახურებაში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები და 15-მდე ქვეყნის მაღალი იერარქიის სასულიერო პირი მონაწილეობდა. მრევლს სიტყვით მიმართეს უნეტარესმა როსტისლავმა და მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა. წირვის შემდეგ ტაძარში შეკრებილებს მსოფლიო პატრიარქის წერილი გააცნეს, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს და სვეტიცხოვლობის დღესასწაულის მნიშვნელობას შეეხებოდა.

სვეტიცხოვლიდან მიულოცეს მრევს დღესასწაული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარემ ქრისტიანულ ღირებულებით სისტემაზე ისაუბრა, პრეზიდენტმა კი ყურადღება რელიგიის როლზე, ქრისტიანულ კულტურასა და იდენტობაზე გაამახვილა.

მრევლი საზეიმო წირვას თვალს სვეტიცხოვლის ეზოდანაც ადევნებდა. სატახტო ქალაქში დღესასწაულის აღსანიშნად მორწმუნეები სხვადასხვა რეგიონიდანაც ჩამოვიდნენ.

დღის ამბები