ვაშინგტონი კიევს ბრალდებებს უყენებს და მოსკოვთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს. არჩევნების დანიშვნის და თანამდებობის დატოვების მოთხოვნასთან ერთად, ამერიკის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო პროცესის ჩაშლასა და ენერგეტიკული კრიზისის პროვოცირებაში ადანაშაულებს. კრემლთან დადებული სავაჭრო გარიგების შემდეგ, თეთრი სახლი ახლა რუსეთიდან დიზელით დატვირთულ ტანკერებს ელოდება და სანქციების გაუქმების შედეგად საწვავის ფასის ვარდნაზე საუბრობს.
ვაშინგტონიდან კიევის მისამართით გაჟღერებული ბრალდებების და მოთხოვნების ფონზე გაირკვა, რომ დღეს ღამით რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული დარტყმების შესახებ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას წინასწარი სადაზვერვო მონაცემები არ მიაწოდა. ინფორმაცია, რომელიც "პოლიტიკომ" მოიპოვა, უკრაინის პრეზიდენტმაც დაადასტურა. შედეგად, რუსეთის მიერ გაშვებული 39 ბალისტიკური რაკეტიდან საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მხოლოდ ნაწილის ჩამოგდება შეძლეს.
საერთაშორისო მედია ვაშინგტონს და კიევს შორის ურთიერთობების კრიზისზე საუბრობს და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული "სტარლინკის" შეფერხებას სწორედ თეთრი სახლის რიტორიკას უკავშირებს.
გაირკვა, რომ ილონ მასკის ინტერნეტ პროვაიდერმა ომში მყოფი ქვეყნის სამხედროებს ინტერნეტის სიჩქარე შეუზღუდა, რამაც ოფიციალური ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაშალა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე