15 ოქტომბერი 2026,   02:31
ვრცლად
ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია - ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელიც პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ, მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის

ბარბარე ბოჭორიშვილი ერთ-ერთია იმ პაციენტებს შორის, რომელიც ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტს სრულიად უფასოდ მიიღებს. პროგრესირებადი გენეტიკური დაავადების სამკურნალო ინოვაციური პრეპარატი - "ტრიკაფტა" საქართველოშია. მისი გაცემა ბენეფიციარებისთვის უახლოეს დღეებში დაიწყება.

მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს, პირადად მიაწოდა.

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელიც პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ, მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. პრეპარატი ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, მოქმედებს უშუალოდ დაავადების გამომწვევ გენეტიკურ მექანიზმზე, აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას და ამცირებს დაავადების გამწვავების რისკს.

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა უნდა გაიაროს. შეფასდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის დაწყებისთვის მზადყოფნა. სახელმწიფო მედიკამენტს იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამის ფარგლებში აფინანსებს.

"ტრიკაფტა" 2 წლის და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა გენეტიკური მუტაციები აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ დამტკიცებულ ჩვენებებს შეესაბამება. საქართველოში ამ დიაგნოზით დაახლოებით 110 ადამიანია, საიდანაც გენეტიკური მუტაცია 60-ზე მეტ ბენეფიციარს აქვს.

დღის ამბები