15 ოქტომბერი 2026,   00:03
ვრცლად
იმყოფებოდა თუ არა FBI-ის ხელმძღვანელი მოსკოვში - კეშ პატელის ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და თავად პატელმა კატეგორიულად უარყვეს

გამოცემა MS Now-მ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კეშ პატელი რუსეთში ჩაფრინდა, სადაც შეხვედრების გამართვას გეგმავდა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - როგორც გამოცემა "Агентство"-მ დაადგინა, ცნობის გავრცელებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე პატელი აშშ-ში, ვირჯინიის შტატში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა.

სერვის Flightradar-ზე დაყრდნობით ირკვევა, რომ პატელის თვითმფრინავი ამჟამადაც ვირჯინიაში იმყოფება. გავრცელებული ცნობა უარყვეს როგორც თავად კეშ პატელმა, ისე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ.

ინფორმაცია FBI-ის ხელმძღვანელის ოქტომბერში რუსეთში დაგეგმილი ორდღიანი ვიზიტის შესახებ, ჯერ კიდევ ზაფხულში, გამოცემა Politico-მ გაავრცელა. გამოცემის წყაროს ცნობით, პატელი ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი სანქტ-პეტერბურგში უნდა ჩასულიყო, სადაც მას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელობა შეხვდებოდა.

სავარაუდო ვიზიტის წინ, წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა და დაზვერვის კომიტეტების დემოკრატმა წევრებმა, ჯეიმი რასკინმა და ჯიმ ჰაიმსმა, FBI-ის დირექტორს მოუწოდეს, "ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე" უარი ეთქვა რუსეთში გამგზავრებაზე. კონგრესმენებმა ასევე მოითხოვეს დახურული ბრიფინგის გამართვა ვიზიტის მიზნებისა და დაგეგმილი შეხვედრების პროგრამის შესახებ.

კრემლში გამართულ ბრიფინგზე მედიაში გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი არ გააკეთეს.

"მსგავსი ვიზიტები თითქმის არასდროს ანონსდება, ამიტომ, ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

FBI-ის ბოლო დირექტორი, რომელიც რუსეთს ეწვია, რობერტ მიულერი იყო. მისი ვიზიტი 2013 წელს შედგა, მოგვიანებით კი მიულერი აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე სპეციალურ პროკურორად დაინიშნა.

ამასთან, მიმდინარე წლის აგვისტოში მოსკოვში იმყოფებოდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი. აშშ-ის ხელისუფლებამ მაშინ ვიზიტს რუტინული უწოდა, თუმცა დასავლური მედია სხვადასხვა ვერსიას განიხილავდა - სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მოწოდებიდან და NATO-ს ქვეყნებზე თავდასხმის პრევენციიდან დაწყებული, ირანთან თანამშრომლობის შემცირების მოთხოვნით დასრულებული.

გამოცემა Financial Times-ის წყაროების მტკიცებით, რეტკლიფი რუსეთსა და უკრაინასთან მოლაპარაკებებში აშშ-ის მთავარი წარმომადგენელი გახდება.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები