15 აგვისტო 2020,   12:42
ვრცლად
მამის და პაპის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოკინაშვილი პატიმრობაში რჩება

მამის და პაპის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, გიორგი ოკინაშვილი პატიმრობაში რჩება - გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიებაზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა პატიმრობის ნაცვლად, 5-ათას ლარიანი გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის არის ნასამართლევი.

როგორც ირკვევა, მან 7 ივლისს, ღამის საათებში კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა და სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა და პაპა მოკლა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ოჯახის წევრებს მრავლობითი ჭრილობები დანით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაშავებულები ადგილზე გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა კი დამნაშავე ორი დღის წინ დააკავეს.

დაცვის მხარე მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს:

"დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმება იქიდან გამომდინარე რომ მიაჩნია დაუსაბუთებლად, შესაბამისად დაცვის მხარე გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას და  48 საათიან ვადაში გავასაჩივრებთ,"  - განაცხადა გიორგი ოკინაშვილის ადვოკატმა. უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

დღის ამბები