03 ნოემბერი 2026,   18:38
ვრცლად
ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად - მარიამ ქვრივიშვილი

საქართველო შიდა ტურიზმისთვის 15 ივნისიდან იხსნება. COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოხსნილია და 15 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს ტურისტულ აქტივობაში ჩართვა და სხვადასხვა ლოკაციების მონახულება შეუძლიათ. 15 ივნისიდან აღდგება შიდა რეგულარული ფრენებიც.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შიდა ტურიზმის გასახსნელად კერძო სექტორი მზადაა, ადმინისტრაციის ჩართულობით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია ყველა ის რეკომენდაცია და გაიდლაინი, რომელიც ტურისტულმა ობიექტებმა თუ ტურისტულმა ტრანსპორტმა უნდა გაითვალისწინოს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ტურიზმის გახსნა ხდება საკმაოდ ფრთხილად, რათა ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად გათვალისწინებული იყოს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

"შიდა ტურიზმი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, კიდევ უფრო დიდი ღირებულებას იძენს ტურისტული ნაკადების გაზრდა, რაც ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია.
თითოეულ ჩვენთაგანს, საქართველოს მოქალაქეს ახლა გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ გვერდში დავუდგეთ ასეთ მნიშვნელოვან ინდუსტრიას. ხელი შევუწყოთ მცირე, საშუალო და მსხვილი ტურისტული კერძო სექტორის განვითარებას.

ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად და ალბათ მსოფლიოში ძალიან ცოტაა მსგავსი უსაფრთხოების ინდექსის პოზიციონირებული ქვეყანა.

მოდით ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში. ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ ბევრი ადგილი აქვთ სანახავი. ყოველთვის გვქონდა ალბათ სურვილი, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტად გვემოგზაურა და ალბათ წლევანდელი წელი არის ის შესაძლებლობა, რომელიც ვფიქრობთ რომ ძალიან სწორად იქნება შეფასებული მოსახლეობის მხრიდან. ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბევრ ადამიანს გავუჩინოთ საქართველოში მოგზაურობის სურვილი. კერძო სექტორი მზადაა და მოტივირებულია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან ისე, რომ ბოლომდე იყოს დაცული ის ნორმები და რეგულაციები, რომელიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით ინერგება COVID-19-თან მიმართებაში," - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

ტურიზმის გახსნისთვის საჭირო ყველა რეკომენდაცია კერძო სექტორთან თანამშრომლობით შემუშავდა.

"სხვადასხვა მიმართულებების სარესტორნო, ისევე როგორც განთავსების ობიექტების, გიდებს, ტურისტული ტრანსპორტის მიმართულებით რეგულაციები ყოველდღე ინერგება. ხელს ვუწყობთ კერძო სექტორს, რომ რეგულაციები ეფექტურად და სწრაფად დანერგონ. ამისთვის ცალკე სატრენინგო პროექტიც კი შევიმუშავეთ, რომელიც უსასყიდლოა ყველა იმ ადამიანისთვის და ბიზნესისთვის, რომელსაც სურვილი აქვს რომ სწრაფად ადაპტირდეს იმ ახალ ნორმებზე, რომელიც COVID-19-მა განაპირობა," -აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

დღის ამბები