21 ნოემბერი 2026,   11:58
ვრცლად
როდესაც სასამართლოს მხრიდან მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ისმევა შეკითხვები და ისინი ამას პასუხს ვერ სცემენ, ამით ჩვენი სარჩელის სიმყარე კიდევ ერთხელ დასტურდება - აკაკი ალადაშვილი ოპოზიციაზე

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები ორშაბათს განახლდება. 5 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის განხილვა მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინ, რიგით მე-17 სხდომაზე კითხვებს ძირითადად მოპასუხე მხარე სვამდა, თუმცა მათი უმეტესობა მოიხსნა, რადგან პლენუმის განცხადებით, ფაქტობრივი მსჯელობის ნაცვლად, პარტიები სასამართლო ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებდნენ.

"ნაციონალურ მოძრაობას" აინტერესებდა რა მტკიცებულებები არსებობს მათ წინააღმდეგ. მოისმინა, რომ ბევრ სხვა ფაქტთან ერთად, სარჩელში დევს სტრასბურგის სასამართლოს 227 გამამტყუნებელი განაჩენი. თუმცა სააკაშვილის თანაგუნდელებმა არცერთ ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ისევ არ აიღეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, აკაკი ალადაშვილის განცხადებით, როდესაც ოპოზიციური პარტიები, სასამართლოს მხრიდან მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე ვერ პასუხობენ, ამით, მმართველი გუნდის სარჩელის სიმყარე კიდევ ერთხელ დასტურდება:

"რაც ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ, ეს არის ის, რომ მიმდინარეობს მათი ლუსტრაციის პროცესი. როდესაც სასამართლოს მხრიდან ისმევა კონკრეტული შეკითხვები იმ დანაშაულებზე, რომლებიც მათ ჩადენილი აქვთ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე და ისინი ამას პასუხს ვერ სცემენ და ზოგად, აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილ განცხადებებს აკეთებენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სარჩელის სიმყარეს,"- აცხადებს აკაკი ალადაშვილი.

მმართველმა გუნდმა დაასახელა ოპოზიციური პარტიების ლიდერების კონკრეტული განცხადებებიც, რომლითაც მათი თქმით, მოპასუხე მხარის ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები დასტურდება.

დღის ამბები